ე.წ. სამხრეთ ოსეთი – “საქართველოს სუვერენიტეტთან სამხრეთ ოსეთს არანაირი კავშირი აქვს”

ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო სამინისტრო გაერო-ს 43-სესიის ფარგლებში მორიგ რეზოლუციას სახელწოდებით – „თანამშრომლობა საქართველოსთან” გამოეხმაურა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა გაუარესდა. ასევე, მწვავედ არის შეფასებული ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვა.

ე.წ.საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რეზოლუცია, როგორც მისი წინამორბედები, არაფერს ახალს და საინტერესოს არ წარმოადგენს და მხოლოდ ქართველი ხელმძღვანლების ქებას შეიცავს, რომლებიც ევროატლანტიკური სოლიდარობის მიმდევრები არიან, საქართველო “დემოკრატიის შუქურად აქციეს” და გაბედულად უპირისპირდებიან “რუსეთის ოკუპაციას”.

“მოულოდნელი იქნებოდა, არ მოგვესმინა საქართველოს მეგობრების მხრიდან “შეშფოთება მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანთა უფლებების გამო, “პანდემიის პირობებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე”. მორიგჯერ მოვუწოდებთ, საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღება ისტორიულ ფაქტებს მიაქციონ: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 1992 წლის 29 მაისს გამოაცხადა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, მანამდე – სანამ საქართველოს გაერო-ს წევრი გახდა.

ამრიგად, სამხრეთ ოსეთს საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტთან არანაირი კავშირი  აქვს. საქართველო, რომელმაც სსრკ დატოვა, ყოფილი საზღვრების შენარჩუნებისთვის იბრძვის ყოფილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებში. ეს ნონსენსია, რადგან შეუძლებელია, დაბრუნდე იქ, საიდანაც სამუდამოდ წახვედი”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები