ნინო ლომჯარია: სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წელს საქართველოს 17 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი სოფლის ამბულატორია მოინახულა
სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წელს საქართველოს 17 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 70-ზე მეტი სოფლის ამბულატორია მოინახულა, – ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ პარლამენტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა ინფრასტრუქტურული პრობლემები (მოუწესრიგებელი შენობები, გაუმართავი საკომუნიკაციო და სანიტარიულ-ჰიგიენური სისტემები), კვალიფიციური დამხმარე პერსონალის ნაკლებობა, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ხარვეზები და ხარისხთან დაკავშირებული პოლიტიკის აქტიური და არათანმიმდევრული გატარება.
“მწვავედ დგას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სახელმწიფო პროგრამის საჭიროებაც. არასრული დაფინანსების გამო, პაციენტებს საკუთარი ხარჯებით ან კვლავ სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის დახმარებით უწევთ თანხის შევსება სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილ ტარიფამდე. ერთიანი სახელმწიფო პროგრამა არსებითად გააუმჯობესებდა კიბოს პაციენტების მკურნალობასა და წამლებზე წვდომას, ასევე, გააჩენდა კიბოს პრევენციის მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.