გიორგი ვოლსკი აზარტული თამაშების რეგულირებაზე: ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, სადაც ყველას წინადადებები გათვალისწინებულია
“მუშაობაა საჭირო და მუშაობას ვერ შეცვლის ეს ემოციური განცხადებები, რომელიც თითქოს რაღაც პოლიტიკურ სპეკულაციაში გადადის”, – ამის შესახებ პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს.
გიორგი ვოლსკის თქმით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, არსებობს მთავრობასთან საკონსულტაციო ჯგუფი და მზადაა დოკუმენტი, სადაც ყველას წინადადებები გათვალისწინებულია.
„ამ თემას აქვს ორი ნაწილი – ერთი არის საბიუჯეტო ზედამხედველობა და კონტროლი და შეიძლება, მომავალში გატანასა და ლოკაციის შეცვლაზე ვისაუბროთ. რეკლამა არც მე მომწონს – შემოდიხართ და საქართველო, ასეთი დიდი კულტურის, დიდი წარსულის არაჩვეულებრივი გარემოსა და ხალხის ქვეყანა წარმოდგენილია, როგორც გემბლინგის ადგილი, მაგრამ ეს ყველაფერი წერია კანონპროექტში და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას. არ არის ისე, რომ აიღო და ჩაკეტო. ჩაკეტავ და გადავა იატაკქვეშ და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება, ისე – როგორც იატაკქვეშ გადავიდა ამერიკაში თავის დროზე ალკოჰოლის გაყიდვა და მაფიოზური სისტემა ჩამოყალიბდა. ფრთხილად უნდა ყველაფერს მიდგომა, როგორ შეიძლება, ყველაფერზე ასეთი განცხადებების გაკეთება და კიდევ მიანიშნო და ხალხი გააღიზიანო, რომ ვითომ ამის ინტერესი ვინმეს გააჩნდეს. ამ საკითხზე ვმუშაობთ, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, არსებობს მთავრობასთან საკონსულტაციო ჯგუფი. ჯგუფის არსებობა თავისთავად არაფერია, თუ დოკუმენტი არ დევს. დოკუმენტიც დევს, ყველას წინადადებები გათვალისწინებულია. რეგულირებაა საჭირო, ისეთი თემის, რომელსაც როგორც კი ჩაჭრი, გადავა ისეთ სუბსტანციაში, რომელსაც ვეღარც ჩაჭრი და იქეთ შეიძლება, ხელი მოგაჭრას, თუ თავი არა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.