რა არ მოსწონს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებში

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, გიორგი პერტაიას მოსაზრებით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს უსაფრთხო და ჯანსაღი შრომითი გარემო, თუმცა ამ მიზნის მიღწევა დაუშვებელია დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ინტერესების პროპორციული და თანაზომიერი გათვალისწინების გარეშე.

პერტაია შემოთავაზებული კანონპროექტის უმთავრეს ხარვეზად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კანონპროექტი, ფაქტობრივად, შეუზღუდავ უფლებამოსილებებს ანიჭებს შრომის ინსპექციის სამსახურს, რაც, ბუნებრივია, პირდაპირ ეწინააღმდეგება დამსაქმებლის ინტერესებს და შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს ბიზნესის განვითარებაზე.

,,კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილი ხდება, შევიდეს სამუშაო სივრცეში დღე- ღამის ნებისმიერ დროს სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე. უფრო მეტიც, შრომის ინსპექტორის ადგილზე შემოწმების უფლებამოსილება არ შემოიფარგლება მხოლოდ სამუშაო სივრცით, არამედ მას ასევე ენიჭება უფლება, სასამართლოს გაცემული ბრძანების საფუძველზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ნებისმიერ შენობაში. გარდა ამისა, დაუბალანსებელია ასევე ნორმები, რომლებიც შრომის ინსპექტორს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს სამუშაო სივრცის ნებისმიერი ნაწილის ხელშეუხებლობა, რაც შესაძლოა, სამეწარმეო საქმიანობის შეფერხებას უკავშირდებოდეს და ეწინააღმდეგება დამსაქმებლისა და ბიზნესის განვითარების ინტერესებს”, – აღნიშნავს გიორგი პერტაია.

პალატის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ბიზნესისათვის დაწესებული დამატებითი რეგულაციები და მათი უფლებების შეზღუდვა უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მაჩვენებლებზე, რაც, თავის მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენას იქონიებს დასაქმებულთა კეთილდღეობაზეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები