ტრამპმა ობამა სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი კოლეგა, ბარაკ ობამა სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. ტრამპის თქმით, 2016 წელს მის საარჩევნო კამპანიაზე თვალთვალი მიმდინარეობდა.
ამის შესახებ აშშ-ის პირველმა პირმა CBN News-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ეს სახელმწიფო ღალატია. ძალიან ადრე ვთქვი, რომ ისინი ჩვენს კამპანიას უთვალთვალებდნენ. ისინი გვისმენდნენ, ეს მაშინ ბრჭყალებში ვთქვი და ნიშნავდა მოსმენის თანამედროვე მეთოდებს. ჩემს კამპანიას უთვალთვალებდნენ და ეს დიდი ხნის წინ ვთქვი”, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპს არაეთხელ უთქვამს, რომ მის 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიაზე დაკვირვებას აშშ-ის სპეცსამსახურები ახორციელებდნენ. ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება პრეზიდენტ ობამას დროს, 2016-17 წლებში მიმდინარეობდა.
გამომძიებლები იმის დადგენას ცდილობდნენ, იყო თუ არა ტრამპი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთის მთავრობასთან გარიგებაში.
რუსეთი და ტრამპი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდნენ.