თაკო ჩარკვიანი: ბოკერიას ყველაზე მეტად აწუხებს ის კანდიდატი, რომელიც მისი მზაკვრული გეგმის წინააღმდეგ გულწრფელად იბრძვის
“ჩემი ქვეყნისთვის ერთი აგურის დადება და შრომა მოვინდომე, ამაზე ვის უნდა ვკითხო? ბოკერიას, ბურჯანაძეს, თუ ბესელიას?”, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. მან თავის გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა. როგორც ჩარკვიანმა განაცხადა, ლეიბორისტების ოფისში შეკრებილ ოპოზიციასთან არანაირი საქმე არ ჰქონდა, გარდა – პროპორციული არჩევნების თემისა.
„ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიღე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოაცხადა მხოლოდ ორი მანდატი, მეტს არ ვიღებთო, ბუნებრივია, „ძალა ერთობაშია“ მე კონკურენტს არ ჩამიყენებს. არც მათ ინტერესშია, რომ დასავლური ვექტორის თამარ ჩარკვიანს, რომელთანაც 2 წელს ურთულეს ბრძოლაში მოდიოდნენ, დაუყენონ კონკურენტი.
რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებას კანდიდატურის დაყენებაზე – ჩემი ქვეყნისთვის ერთი აგურის დადება და შრომა მოვინდომე, ვის უნდა ვკითხო ბოკერიას, ბურჯანაძეს, თუ ბესელიას? არ მივიჩნევ, რომ ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს ივანიშვილს ფსევდოოპოზიციასთან ბრძოლა. მათ ასე ვუწოდებ პირდაპირ.
დავაყენე კანდიდატურა და იმ გაფართოებული მაგიდიდან, შალვა ნათლაშვილის ოფისიდან ველოდები, რომ როგორმე კონკურენტუნარიან რეჟიმში ერთი ფსევდოოპოზიციონერი დავსვათ თავის ადგილას და დასავლურმა ვექტორმა ნამდვილად ვიბრძოლოთ, რომ რაღაც სინათლე გამოჩნდეს. თუ ისინი დამიყენებენ კონკურენტს, ბოლომდე ვიბრძოლებ, იკითხოს იმან, ვისაც დააყენებენ. ხალხს ძალიან მობეზრდა ეს 30-წლიანი ნათალღლითარები.
ჩემი გადაწყვეტილების უპირველესი მიზეზია ქართული სახელმწიფოებრიობა, ვექტორი. ვებრძვი ფსევდოოპოზიციაში შესულ ფსევდოოპოზიციონერებს , ასევე ხალხის ხმა – ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს გულწრფელი ადამიანის ყოფნა საკანონმდებლო ორგანოში“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ ერთერთ ლიდერ გიგა ბოკერიას მზაკვრული გეგმა აქვს ჩაფიქრებული. ჩარკვიანის თქმით, ამ გეგმაში ბოკერიას გაპრემიერება იგულისხმება.
„ბოკერიას ყველაზე მეტად აწუხებს ის კანდიდატი, რომელიც გულწრფელად იბრძვის მისი მზაკვრული გეგმის წინააღმდეგ. რა არის ეს გეგმა: გახსოვთ, ვისი ხმებით შევიდა ის პარლამენტში? „ნაციონალური მოძრაობის“. რატომ არის ასე დაინტერესებული, რომ მკვდარი პარტიების რეინკარნაცია მოეხდინა – თითქოს, დასავლეთზეა ორიენტირებული პარტია „ევროპული საქართველო“ და ამ დროს ეპოტინება მკვდარ პარტიებს, ერთს – განსაკუთრებით, რომელსაც გაცხადებული რუსული ვექტორის პოზიცია აქვს , ბურჯანაძის პარტიას. საქმე ისაა, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერმინისტრის კანდიდატს ასახელებს საკანონდმებლო ორგანო. როგორ საკანონდმებლო ორგანოსაც მივიღებთ , ისეთ პრემიერს მივიღებთ. ბოკერიას რეიტინგი კატასტროფულია. მან თქვა, რომ პრემიერი უნდა იყოს „ევროპული საქართველოს“ წევრი. მოგვიანებით თქვა, არც ჩემი კანდიდატურაა გამორიცხულიო. იცის, რომ თუ მკვდარი ვექტორის, პარტიების რეინკარნაცია მოხდება, ისინი მადლიერად მას მისცემენ ხმას პრემიერობაზე“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
თამუნა შეყილაძე