გრიგოლ გეგელია: „ლელო“ ყველა მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებლად იბრძოლებს, კანდიდატებს, დაახლოებით, ერთ თვეში წარვადგენთ
პარტია „ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პარტია მაჟორიტარობის კანდიდატებს, დაახლოებით, ერთ თვეში წარადგენს. ამის შესახებ გეგელიამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ლელოს“ პოზიცია რჩება უცვლელი, ჩვენ ყველა მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებლად ბრძოლას ვაპირებთ. ჩვენ აუცილებლად გავიყვანთ ჩვენს კანდიდატებს, ლიდერებს სხვადასხვა ოლქში. ამით გვინდა, ხაზი გავუსვათ იმას, რომ დადგა დრო, ქართული პოლიტიკა შინაარსობრივად, არსებითად განახლდეს არა მხოლოდ სახეებისა და სახელების, არამედ – შინაარსისა და ქცევის დონეზე. ეს ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.
რაც ეხება კონკრეტულ კანდიდატებს – ისინი წარდგენილნი იქნებიან, სავარაუდოდ, ერთ თვეში, როცა აქტიურ პროგრამასაც გავაცნობთ ამომრჩეველს. საარჩევნო კამპანია დაწყებულია, მიმდინარეობს წარმატებულად, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავალთ, რაც მოიცავს კონკრეტული კანდიდატებისა და პროგრამის წარდგენას. ჩვენ ვფიქრობთ, არაერთი მიმართულებით ხალხის მიერ შერჩეული კანდიდატები იქნან წინ წამოწეული იმისათვის, რომ საქართველოს ხალხს ერთხელ მაინც მივცეთ საშუალება, თავის პოლიტიკური ნება დაინახონ პრაქტიკაში განსახიერებული, რათა ხალხს ჰქონდეს განცდა იმისა, რომ პოლიტიკა მათია“, – განაცხადა გეგელიამ.
თამუნა შეყილაძე