“ბევრი კითხვის ნიშანია, ვერსია თავის დროზე ბევრი იყო, ოჯახის ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ სიმართლე დადგინდეს”, – ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.
“დამთავრდა ცხედრის გამოკვლევა. აიღეს მონაცემები, რაც საჭიროა შემდეგი ლაბორატორიული კვლევებისთვის. ახლა დარჩა ის, რომ ხისტოლოგიური და მორფოლოგიური პასუხების მიხედვით დადგინდეს, დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ – სიცოცხლის შემდგომი. ბევრი კითხვის ნიშანია, ვერსია თავის დროზე ბევრი იყო. ოჯახის ერთადერთი მოთხოვნა, მიუხედავად ამ მძიმე ტრაგედიისა, არის ის, რომ დადგინდეს სიმართლე, მეტი მოთხოვნა ოჯახს არ აქვს, არავის აინტერესებს ხელოვნური გაბუქება”, – განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ.
ოჯახის მოთხოვნით საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთო. დამოუკიდებელი ექსპერტის, კახა ერისთავის თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი კვლევების ჩატარებაა მნიშვნელოვანი.
“ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დამატებითი კვლევების ჩატარება. ამის შემდეგ მეცოდინება ყველაფერი დაზუსტებით”, – აღნიშნა ერისთავმა.
ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში გუშინ იპოვეს.