მთავრობა რთველის სუბსიდირებაზე 60 მილიონს დახარჯავს
წელს რთველის სუბსიდირებისთვის მთავრობა 60 მილიონ ლარის დახარჯვას გეგმავს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, დიდი ალბათობით, სუბსიდია მხოლოდ რქაწითელის ჯიშის ყურძენზე გავრცელდება.
“ექსპორტის ძირითადი ნაწილი წითელ ღვინოზე მოდის და ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, ჩარევა არ დაგვჭირდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ საფერავი თავისუფალ ბაზარზე გაიყიდება. ასევე, იშვიათი ჯიშის ყურძენი, რომელიც, მეტნაკლებად, პოპულარობით სარგებლობს და მათზე მოთხოვნაა, არ დასუბსიდირდება. ერთი შეიძლება, ითქვას ის, რომ რქაწითელის სუბსიდია იქნება აუცილებელი“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.
წელს, დაახლოებით, 300 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან და, როგორც მთავრობაში აცხადებენ, ყველაფერი გაკეთდება, რომ მევენახეებს დაუბინავებელი ყურძენი არ დარჩეთ.