კურორტ წყალტუბოში ენერგომომარაგება გაუმჯობესდა
ქალაქ წყალტუბოში, საკურორტო ზონაში აბონენტების ენერგომომარაგება უფრო ხარისხიანი და სტაბილური გახდა – ამის შესახებ „კვირას“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, წყალტუბოს ქალაქის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მაღალი ძაბვის საკაბელო ქსელი, ხოლო საჰაერო ქსელი უფრო საიმედო მიწისქვეშა კაბელით შეიცვალა. საერთო ჯამში, წყალტუბოს ცენტრში 6400 მეტრზე მეტი ახალი კაბელი დამონტაჟდა. ქსელის სარებილიტაციო სამუშაოები ძირითადად ქ. წყალტუბოს ტურისტული ზონის ტერიტორიაზე ჩატარდა. ენერგოკომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, შესაძლებელი გახდა კურორტის ცენტრალური პარკისა და ბალნეოლოგიური ზონის არეალში არსებული 15 სანატორიუმის, 5 სასტუმროსა და 1400-მდე აბონენტის ენერგომომარაგება გაუმჯობესდეს. აღნიშნულ ზონაში არსებული 4 ფიდერის საჰაერო ქსელი მიწისქვეშა კაბელით შეიცვალა, მთლიანად გაუქმდა და ახლით ჩანაცვლდა ძველი საკაბელო მეურნეობა, რამაც საკურორტო ზონაში უამინდობით გამოწვეული ავარიების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანა. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ისინი პარკის ინფრასტუქტურის რეაბილიტაციის პარალელურად განხორციელდა. მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროგამანაწილებელი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ენერგო-პრო ჯორჯია“ იმერეთის რეგიონის ყველა მომსახურების ცენტრში ახორციელებს, რაც, უპირველესად, აბონენტების ხარისხიან ენერგომომარაგებას ისახავს მიზნად.