ნათია თურნავა: აშშ-ის დახმარებით გვექნება დეტალური გეოლოგიური ინფორმაცია, რომელიც სამთომომპოვებელ სექტორში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაში დაგვეხმარება
„აშშ გაგვიწევს დახმარებას სამთომომპოვებელ ინდუსტრიაში, კერძოდ, მოახდენს ჩვენი მინერალური რესურსის, ჩვენი წიაღისეულის დეტალურ აღწერას”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მალე ხელი მოეწერება მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ და აშშ-ის დახმარებით გვექნება დეტალური გეოლოგიური ინფორმაცია იმისთვის, რომ უფრო მეტად მოვიზიდოთ ინვესტორები სწორედ სამთომომპოვებელ დარგში და, მათ შორის, აშშ-დან.
ერთერთი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილული, შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობას ამერიკულ მხარესთან საქართველოს სამთომოპოვებით სექტორში. საუბარი შეეხო აღნიშნულ სექტორში წინასწარი კვლების ჩატარებას ქვეყანაში არსებული წიაღისეულისა და მინერალური რესურსების პოტენციალის განსაზღვრის მიზნით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დარგში ინვესტიციების, მათ შორის, ამერიკული ინვესტიციების განხორციელებას.
აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამერიკულ მხარესთან შესაბამისი მემორანდუმის გაფორმება, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. აშშ-ის ელჩმა საქართველოში დაადასტურა, რომ ამ პროექტის განხორციელებას მისი მხარდაჭერაც ექნება.