პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვისა და მიწის ნაკვეთების კანონიერი მესაკუთრეებისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, ასევე, პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმეებზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2008 წელს სიმონ გუნცაძემ, შპს „იმერეთი X1“-გან შეიძინა ქ.თბილისში მდებარე 1000 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რაზეც შედგა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ცოტა ხანში, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, შპს „იმერეთი X1“-ის კუთვნილი სხვა მიწის ნაკვეთთან ერთად, სამართალდამცავი ორგანოების ინტერესის სფეროში მოექცა და აღნიშნული ქონების სახელმწიფოსთვის დათმობის მიზნით მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება დაიწყო. მათი სისტემატური დაბარებით, მიწის ნაკვეთების დათმობის კატეგორიული მოთხოვნითა და უარის შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემებზე მინიშნებით, საბოლოოდ, მიღწეული იქნა მიზანი და განხორციელდა აღნიშნული უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობა.
“განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, შპს „იმერეთი X1“-ის პარტნიორებმა და სიმონ გუნცაძემ სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმეს, ჯამურად, 1000 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი, საიდანაც შპს „იმერეთი X1“-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 474 კვ/მ-ს, ხოლო სიმონ გუნცაძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი – 526 კვ/მ-ს.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი მსჯავრდებულის – ნოდარ ამბარდანოვისა და შოთა კაკაურიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეზე მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტები.
2011 წლის 31 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს ნოდარ ამბარდანოვი. 2011 წლის 22 დეკემბერს გორის რაიონული სასამართლომ ნოდარ ამბარდანოვის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა თავისუფლების 12 წლით აღკვეთა.
საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგენილი იქნა, რომ დაკავების ადგილზე არ მომხდარა დაკავების, პირადი ჩხრეკისა და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმების შედგენა. დადგენილი და დაკითხულნი იქნენ დაკავების უშუალო შემსწრე პირები, რომელთა ჩვენებებისა და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არსებობდა ნოდარ ამბარდანოვის დაკავების არალეგიტიმური ინტერესი. შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგა მისი მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების ფლობის ფაქტი.
რაც შეეხება შოთა კაკაურიძეს – ის გასამართლდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2007 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. სასამართლოში მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, მიესაჯა პირობითი სასჯელი 5 წლის ვადით და ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.
შოთა კაკაურიძე გასამართლებული იქნა სს „ტრანსის“ ერთ-ერთი აქციონერის კუთვნილი 53,05%-იანი წილის, დოკუმენტებზე ხელმოწერების გაყალბების გზით, თაღლითურად მისაკუთრებისთვის.
ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის, დანიშნული და მიღებული კომისიური ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა დოკუმენტებზე ხელმოწერების გაყალბების ფაქტი.
საქმეებზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. ორივე მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობით”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 83 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 70 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 18 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.
პროკურატურის ცნობით, დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 358 პირი, რომელთაგან 256 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან დაბრუნების პროცესშია, დაახლოებით, 54,100,000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.