ანტიდემპინგური კანონი – იმპორტის დისკრიმინაცია თუ შანსი ადგილობრივ წარმოებას

გასულ კვირას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს – „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“. ეკონომისტთა ერთი ნაწილის შეფასებით, ადგილობრივი წარმოების დასაცავად და წახალისების მიზნით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. მათი აზრით, ანტიდემპინგური კანონი ადგილობრივ წარმოებას საშუალებას მისცემს, ჯანსაღ კონკურენციაში შევიდეს იმპორტთან, რითაც მომხმარებელიც მოგებული დარჩება.

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის დამფუძნებლის, ლევან სილაგავას განცხადებით, ანტიდემპინგურ კანონს საქართველოში ბევრი მოწინააღმდეგე და კრიტიკოსი გამოუჩნდა. მისი თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ ეს კანონი საბაზრო ეკონომიკას ეწინააღმდეგება და მომხმარებელს იაფ პროდუქციაზე წვდომას უზღუდავს, რაც რეალობას არ შეესაბამება და ამას საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს. სილაგავას თქმით, ანტიდემპინგური კანონი ბევრ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს.

„ადგილობრივ მწარმოებელთა დიდი ნაწილი აღნიშნული კანონის მიღებას ექვს წელზე მეტია, რაც ითხოვს და კონსენსუსის მიღწევა ახლაღა მოხერხდა. წლების განმავლობაში მოგვმართავდნენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, რომ ქვეყანაში დემპინგურ ფასად (თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად) შემოდის პროდუქცია, რაც მათ პრობლემებს უქმნის. მაგალითად შემიძლია, დავასახელო მეტალურგიისა და ცემენტის ინდუსტრია, სოფლის მეურნეობაში – ფრინველის ხორცისა და კვერცხის, მრეწველობაში კაბელებისა და ფქვილის მწარმოებლები“, – აცხადებს სილაგავა „კვირასთან“ საუბრისას.

სიალაგავას განმარტებით, კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში მისი აღსრულება კონკურენციის სააგენტოს დაევალება. მისი თქმით, სააგენტო ბაზარზე არსებული სიტუაციის შესწავლას იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ ამა თუ იმ დარგში ადგილობრივ მწარმოებელთა 50% დემპინგის პრობლემაზე განაცხადებს.

სილაგავას განცხადებით, დემპინგში ეჭვმიტანილ იმპორტიორს მოკვლევის დაწყების შესახებ საქმის კურსში აყენებენ, თუ იმპორტიორი დარღვევას აღიარებს, მას სანქციები არ უწესდება. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი დაღვევას არ აღიარებს, მაგრამ მოკვლევა საწინააღმდეგოს დაამტკიცებს, იმპორტიორს სერიოზული ჯარიმა ეკისრება, ხოლო მტკიცებულებების არქონის შემთხვევაში იმპორტიორი კომპენსაციას მიიღებს.

საქართველოს ბაზარზე დემპინგის პრობლემას კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძეც აღიარებს. როგორც ის აცხადებს, ამ პრობლემაზე სათანადო რეაგირების საშუალებას კანონი არ იძლეოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“ კანონი ძალაში შევა, ვითარება კარდინალურად შეიცვლება. ლექვინაძის თქმით, ანტიდემპინგური კანონი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, განხილულია არაერთ პლატფორმაზე და არის მაქსიმალურად დაბალანსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები