საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მომზადებული პროექტი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხარდაჭერის გარეშეც გავიდოდა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით თავის სიტყვას ასრულებს და ამის დასტურია ის, რომ დღეს 92-მა დეპუტატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხარდაჭერის გარეშეც პროექტი თავისუფლად გადიოდა. გუშინ, გუშინწინაც, ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში ვაცხადებდით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს საფრთხე არ შეექმნებოდა, მით უმეტეს, თუ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ კონსტიტუციას და მასში შესატან ცვლილებებს მხარს დაუჭერს, თავიანთ სიტყვას შეასრულებს. „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით თავის სიტყვას ასრულებს და 92-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ასევე იქნება მეორე და მესამე შემთხვევაშიც.
მარტივად რომ გითხრათ, დღეს საქართველოში უკეთესი პოლიტიკური ძალა არ არის, რომელიც საზოგადოებას დაანახებს, რომ რეალურად საზოგადოებაზე ზრუნავს. ხელისუფალი, რომელიც მთავარ პრიორიტეტად აყენებს ადამიანს, მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, სხვა არ არის. ხშირად მითქვამს ასეთი რამ, როდესაც საზოგადოება შეხედავს, რომ უკეთესი პოლიტიკური ძალა, არა „ნაცმოძრაობა“ და არა მძიმე პოლიტიკური წარსულით დამძიმებული პოლიტიკური სუბიექტები, არამედ პატიოსანი, სუფთა წარსულის მქონე პოლიტიკური ძალა თუ ოპოზიციაში გამოჩნდება, მაშინ ჩვენ დიდი სიამოვნებით გადავალთ ოპოზიციაში და ოპონირებას გავუწევთ კვალიფიციურად და არა ისე, როგორ ოპონირებასაც დღეს ვხედავთ, მავნებლურსა და ორიენტირებულს არა შინაარსიან და სიღრმისეულ ანალიზზე რომელიმე კონკრეტული თემის, არამედ მავნებლობაზე. მავნებლობაზე ორიენტირებული ოპოზიცია ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდეს და ვერც მოვა“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.