საწვავი ბოლო სამ თვეში 70-80 თეთრით გაიაფდა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ბოლო 3 თვის განმავლობაში საწვავის ფასი, ეტაპობრივად, საშუალოდ 70-80 თეთრით შემცირდა.
დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი – 1,74-1,89 ლარი/ლიტრზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,85-1,99 ლარი/ლიტრზე, ევრო დიზელის საწვავი – 1,86-1,99 ლარი/ლიტრზე, დიზელის საწვავი – 1,79-1,92 ლარი/ლიტრზე.
როგორც იმპორტიორთა კავშირი განმარტავს, მიმდინარე წელს COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ნავთობის ფასთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ მარტის თვის დასაწყისში ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე ნავთობის ფასი შეადგენდა 51,9 დოლარს/ბარელზე, პანდემიის გააქტიურების დაწყებისთანავე მან კლება დაიწყო და მარტის თვის ბოლოს შეადგენდა უკვე 22,74 დოლარს/ბარელზე. მაისის თვის შუა რიცხვებამდე ნავთობის ფასი დაბალ ნიშნულზე იდგა და უკვე ამის შემდეგ იწყებს მატებას.
კავშირის განმარტებით, დღეისათვის (19.06.2020წ.) ნავთობის ფასი შეადგენს 41.51 დოლარს/ბარელზე. ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის მატება უკავშირდება მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესის დაწყებას, როდესაც ხდება ქვეყნების მიერ საყოველთაო კარანტინის მოხსნა, სხვადასხვა ეკონომიკური დარგის გახსნა, რაც თავისთავად იწვევს ნავთობზე მოთხოვნილების მატებას.
“ასევე, მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა 16 ივნისს გამართულ „ოპეკი +“-ის მინისტრთა საკომიტეტო სხდომაზე, რომლის თანახმადაც ნავთობის მოპოვების შემცირების უპრეცედენტო შეთანხმება კიდევ 1 თვით გაგრძელდა (9,7 მლნ ბარელი/დღე-ღამეში). ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასების ზრდამ, თავის მხრივ, გამოიწვია S&P Global Platt’s-ის მიხედვით ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების მნიშვნელოვანი მატება, რის შედეგადაც არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე დაფიქსირდა ფასების ზრდა, საშუალოდ, 5-10 თეთრი/ლიტრზე”, – განმარტავს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.