მთავრობა რთველის სუბსიდირებას გეგმავს
“კრიზისული ბიუჯეტის ნაწილში სუბსიდირების თანხა, დაახლოებით, 60 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული, რაც სახელმწიფოს მხრიდან სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯება”, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იმისთვის კეთდება, რომ ნაკლებად მტკივნეულად გადალახოს სექტორმა პრობლემები – როგორც მევენახეებმა, ასევე, მეღვინეებმა.
დავითაშვილი განმარტავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მთავრობა ყურძნის ფასში სუბსიდირებას აღარ ახდენდა, თუმცა კორონავირუსმა ეს სექტორი ახლა სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა და მთავრობამაც სუბსიდირება აუცილებლობად მიიჩნია. მინისტრის წინასწარი პროგნოზით, სუბსიდიის მიუხედავად, წელს ყურძენზე მაღალი ფასი არ იქნება.
“სუბსიდიის რეჟიმიდან, ფაქტობრივად, გამოსულები ვიყავით იმ მიზნით, რომ ჩვენ ფერმერებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ, რადგან ეს არის მალფუჭებადი პროდუქტი და მყისიერად უნდა დაბინავდეს – მინიმალური გარანტირებული პირობებით იმისთვის, რომ ფერმერებმა თავიანთი დანახარჯის ამოღება შეძლონ და გარკვეული მოგებაც მიიღონ. სახელმწიფო გაწევს სუბსიდირებას, თუმცა სუპერ ფასების მოლოდინი ყურძენზე წარმოუდგენელია. რესურსები შეზღუდულია და ყველაფერს ყურძნის შესაძენად ვერ დავხარჯავთ”, – განმარტავს მინისტრი და აცხადებს, რომ წელს ქვეყანაში, დაახლოებით, 300 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.