აპლიკაცია stop covid – აფრთხილებს იმ ლოკაციების შესახებ, რომლებთანაც СOVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია stop covid, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტსა და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია.
პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანლობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, აღინიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ამ ეტაპზე შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, შესაბამისად, კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აპლიკაცია stop covid, რომელიც მოქალაქეებს აძლევს ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულ პირთან, ასევე, აფრთხილებს იმ ლოკაციების შესახებ, რომლებთანაც СOVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ.
საბჭოს სხდომაზე, ასევე, აღინიშნა, რომ შესაძლო შემთხვევების დროული იდენტიფიცირებისა და მკურნალობისთვის დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტია ტესტირების სისტემა. ამ მიზნით, მთავრობამ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალი განსაზღვრა.