ნინო ცაციაშვილმა სექსუალური შევიწროების თემაზე გამართულ შეხვედრაზე პოლიციის რეაგირების, მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების თაობაზე ისაუბრა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა ინიციატივით სექსუალური შევიწროების თემაზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების, მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების თაობაზე ისაუბრა.
ნინო ცაციაშვილის განმარტებით, სექსუალური შევიწროების კანონის ამოქმედებიდან ერთ წელიწადში სამართალდარღვევის 20 ფაქტი გამოვლინდა, რაზეც 21 პირი იქნა სამართალდამრღვევად ცნობილი.
“აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ტრენინგებისა და სამართალდამცავ უწყებებთან რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, როგორც დამოუკიდებლად, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, სექსუალური შევიწროების თემაზე სამართალდამცავთა ცნობიერების ამაღლებასა და გადამზადებას აქტიურად ახორციელებს.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სექსუალური შევიწროების თემაზე გამომძიებელთათვის შემუშავებულია სახელმძღვანელო რეკომენდაცია, რომელიც სამართალდამცავებს სექსუალური შევიწროების ფაქტების გამოკვეთასა და მათზე სათანადო რეაგირებაში დაეხმარება”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ნინო ცაციაშვილმა ყურადღება გაამახვილა საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რეაგირებისას პოლიციის მნიშვნელოვან როლზე და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს სექსუალური შევიწროების თემაზე სამართალდამცავთა გადამზადებასა და განახორციელებს მათი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს.