ზაალ ანჯაფარიძე: გიორგი არველაძემ რევოლუციისთვის მზადებასთან დაკავშირებით სააკაშვილის ნააზრევი გააჟღერა
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა დეპუტატმა, გიორგი არველაძემ რევოლუციისთვის მზადებასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნააზრევი გააჟღერა. ამის შესახებ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სააკაშვილი ყოველი არჩევნების წინ აცხადებდა, რომ ის ჩაერთვებოდა არჩევნებში, იქნებოდა ფრონტის წინა ხაზზე. შემდეგ მისი ასეთი ჰიპერაქტიურობა საბოლოოდ ისევ „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამდა წყალს იმ კუთხით, რომ მოსახლეობას არანაირი სურვილი ჰქონდა, სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში.
სააკაშვილის გუშინდელი განცხადება არცთუ ისე კარგად წაადგება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, რადგანც მიუხედავად იმისა, უკავია თუ არა სააკაშვილს ოფიციალური თანამდებობა უკრაინაში, ის უკრაინის მოქალაქეა. როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე ასე აქტიურად ერევა სხვა ქვეყნის პოლიტიკურ, საარჩევნო პროცესებში, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი და გაუგებარია. გავიხსენოთ ის გზავნილიც, რაც სააკაშვილის ერთ-ერთმა თანამებრძოლმა, არველაძემ გააჟღერა – ემზადეთ რევოლუციისთვისო. ვფიქრობ, მან სააკაშვილის ნააზრევი გააჟღერა”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს, მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას.
„ნამდვილად ვიქნები ბრძოლის წინა ხაზზე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
რაც შეეხება არველაძის განცხადებას – მან რამდენიმე დღის წინ ოპოზიციას რევოლუციისკენ მოუწოდა.
„ემზადეთ რევოლუციისთვის! გაფიცვები, პიკეტირება, დაუმორჩილებლობა… რევოლუციური კომიტეტები ქალაქებსა და სოფლებში. შექმენით წინააღმდეგობის რაზმები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც მუდმივად ჩაბმულნი იქნებიან ქვეყნის მასშტაბით მცირე აქციებსა და ოპერაციებში, თუ საჭიროა, შეტაკებებშიც”, – დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.
თამუნა შეყილაძე