დიმიტრი ხუნდაძე: თუ არ დავიცავთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს, ჩვენი პოზიტიური შედეგი შეიძლება, სწრაფად და რადიკალურად შეიცვალოს

„ეპიდემიოლოგიური ვითარება გლობალურად დაძაბული რჩება, პანდემიის რეჟიმში ცხოვრობს მთელი მსოფლიო – 7,5 მლნ-ზე მეტია უკვე დაინფიცირებული და 420 000 ადამიანია გარდაცვლილი”, – ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საკმაოდ მძიმე ვითარებაა აშშ-ში, ბრაზილიაში. მეზობელი ქვეყნებიც ეპიდემიოლოგიურად საკმაოდ დაბინძურებულია, მაგ: რუსეთში 24 სთ-ის განმავლობაში 8700-ზე მეტი დაინფიცირებული პირია, საერთო რაოდენობა კი ნახევარ მილიონზე მეტია. გარდაცვლილთა რაოდენობამ 6500-ს გადააჭარბა. მისივე თქმით, დაძაბულია ვითარება სომხეთშიც – ბოლო 24 სთ-ის განმავლობაში 566 დაინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო საერთო რაოდენობამ 15 000-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 245-ია.

„საქართველო გაცილებით პოზიტიურად გამოიყურება დანარჩენი მსოფლიოს ფონზე. 87%-ია ჩვენთან გამოჯანმრთელება, როცა მსოფლიოში საერთო მაჩვენებელი 43%-ს არ სცილდება. სამწუხაროდ, გვყავს 13 გარდაცვლილი, მაგრამ საერთო მაჩვენებლებთან შედარებით ეს მნიშვნელოვნად დაბალია”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ეს პოზიტიური ეპიდვითარება სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს.

„თუ არ გავითვალისწინეთ, რომ პანდემია რჩება პანდემიად, ეს პოზიტიური შედეგი შეიძლება, სწრაფად და რადიკალურად შეიცვალოს. კორონა ძალიან დიდ დარტყმას აყენებს მსოფლიო ეკონომიკას, მაგრამ შეუცვლელია და აუნაზღაურებელია ადამიანების სიცოცხლე. ამიტომ პრიორიტეტად მოსახლეობის ჯანმრთელობა რჩება”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი ინფორმაციით, მიუხედავად სიღრმისეული კვლევისა, 4 ეპიდმისამართი არ არის დადგენილი, რაც, მისივე თქმით, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პანდემია არ დასრულებულა და სიმშვიდის საფუძველი ამ ეტაპზე არ გვაქვს.

„რისკები ჩვენს ქვეყანაში გამორჩეულია. მაგალითად ის, რომ მაღალია ხანდაზმულთა რაოდენობა. ეს არ არის ნეგატიური, ერის აქტიური დაბერების პროცესია ჩვენთან, რაც დემოგრაფიული გარდაქმნის გარდაუვალი პროცესია, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მოსახლეობის 20% ხანდაზმულია, ასევე, ქრონიკული დაავადებების კუთხით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ეს რისკებს ზრდის, რადგან კორონავირუსი მძიმე ზიანს აყენებს სწორედ იმ პირებს, ვისაც თანმხლები დაავადებები აქვთ”, -აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი მოსაზრებით, შემოდგომაზე მოსალოდნელია ინფექციების ზედდება, მაგალითად, გრიპის ვირუსისა და კორონავირუსის, რაც გაზრდის კლინიკებში მიმართვიანობას. მისივე თქმით, ეს ჭარბ დაძაბულობას შექმნის სისტემისთვის. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ნიღბების ტარება, დისტანციის შენარჩუნება და ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები