პირობით ვადამდე 111 მსჯავრდებული გათავისუფლდა
სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 111 მსჯავრდებული დატოვებს, – ამის შესახებ გადაწყვეტილება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების აღმოსავლეთისა და დასავლეთის ადგილობრივი საბჭოებისა და კომისიის სხდომებზე მიიღეს. სხდომებზე 700-ზე მეტი მსჯავრდებულის შუამდგომლობა განიხილეს, კერძოდ მათი, ვისაც მოხდილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაულზე – სასჯელის ნახევარი, მძიმეზე – 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე – 3/4. შუამდგომლობების ინდივიდუალურად განხილვისას გაითვალისწინეს დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლეობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები. პირობით ვადამდე გათავისუფლებული 111 პატიმრიდან 5 ქალია. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით სულ 2630 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის 299 ქალი და 42 არასრულწლოვანი. მაშინ როდესაც, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აღნიშნული მექანიზმით სულ 841 მსჯავრდებული გათავისუფლდა. მათ შორის 12 არასრულწლოვანი და 39 ქალი.