“თუ აბიტურიენტი “პისიარ“კვლევით კოვიდუარყოფითია, მაგრამ სიმპტომები აქვს, გამოცდას შესაბამის პირობებში ჩააბარებს”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ აბიტურიენტი “პისიარ“კვლევით კოვიდუარყოფითია, მაგრამ გარკვეული სიმპტომები აქვს, გამოცდას შესაბამის პირობებში ჩააბარებს.
“ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ სიმპტომებით ადამიანი იყოს წინასწარ დიაგნოსტირებული, რათა არ შევიდეს გამოცდაზე ინფიცირებული. მოგეხსენებათ, იგივე სიმპტომები და განსაკუთრებით ზაფხულში შეიძლება ახასიათებდეს სხვადასხვა დაავადებას და ჩვენ აბიტურიენტი არ უნდა ჩავაყენოთ ისეთ მდგომაროებაში, რომ თუ მას აქვს ალერგია, ან აქვს ჩვეულებრივი გაციება, სურდო და ზოგიერთებს ნორმალურ ტემპერატურად 37 გრადუსი აქვთ ხოლმე, არ დაიჩაგროს აბიტურიენტი და არ იყოს აუცილებლობა მისი გამოცდის გადავადების ან არ დაშვების.
კოვიდის დიაგნოზი გარდა სიმპტომებისა, ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ლაბორატორიულად დასტურდება კოვიდი, მოლეკულური ტექნოლოგიით. მაშინ არ დაიშვება გამოცდებზე. ამიტომ თუ გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე აბიტურიენტს აქვს სიმპტომები, მომატებული ტემპერატურა 37 და ზემოთ, აქვს ხველა, სუნთქვის განელება, მან უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმის რჩევით იქნება შემდეგ გამოკვლეული.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას აბიტურიენტებს უფასოდ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ჩაუტარებს. ამისთვის არ ექნებათ ფინანსური ტვირთი. საგამოცდო პროცესზე თერმოსკრინინგი აუცილებელი პროცედურა იქნება.
თუ აბიტურიენტს აღენიშნება ტემპერატურა, აქვს წინასწარ გაკეთებული კოვიდზე ტესტი და ის უარყოფითია, არის შესაბამისი პროტოკოლი, როგორ ვიქცევით.
ანუ, ის დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ თუ ტემპერატურასთან ერთად სხვა სიმპტომებიც არის, არის სპეციალური პროტოკოლი – დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ იზოლირებულ ოთახში,შესაბამისი ბარიერებით, რომ გამოირიცხოს ყველა მოულოდნელობა”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.