ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. პაციენტი წყალტუბოს საკარანტინე ზონიდან გადაიყვანეს. 68 წლის მამაკაცს, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეა, მოგზაურობის ისტორია აქვს.
კლინიკა „ელჯი და კომპანიის“ მთავარი ექიმის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„პაციენტი ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს წყალტუბოს ერთ-ერთი საკარანტინე სივრციდან, კოვიდდადასტურებული ინფექციით. მას აღენიშნებოდა ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში ამ დროისთვის კოვიდის დიაგნოზით 3 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას“, – განუცხადა „რეგიონულ კვირას” თემურ ნადირაძემ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 44 პაციენტი მკურნალობდა, მათგან 41- მა ვირუსი უკვე დაამარცხა.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 810 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 683 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.