კახა კალაძე პირს, რომელიც მას მაისურის შემოხევაში სდებს ბრალს, მაისურს ჩუქნის
„სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, რადგან არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. საკმაოდ საინტერესოა. ორი მაისური გვაქვს ასეთი. ერთს გადავცემთ მას, მეორეს – მთავარ არხს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ, ვარკეთილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება. მათ ეს არ გამოუვიდათ. არანაირი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.
სარჩელის შეტანა მათი უფლებაა, შსს თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისათვის, გუშინ დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად იმყოფებოდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე “ანას ბაღის” დამცველები და მოძრაობა “შეცვალეს” წევრები დახვდნენ.
მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია”.