კაპიტალის ბაზარი, ალტერნატივა ბიზნესისათვის – დაირღვევა თუ არა ბანკების მონოპოლია

ბიზნესის დაწყება-გაფართოებისათვის შესაბამისი ფულადი რესურსის მოძიება საქართველოში საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. ბანკები სესხს საკმაოდ მაღალი პროცენტით იძლევიან, რაც ბიზნესის რენტაბელობას კითხვის ქვეშ აყენებს. ფულის მოძიების თითქმის ერთადერთი ალტერნატივა შექმნილ სიტუაციაში განვითარებული კაპიტალის ბაზარია, ანუ საფონდო ბირჟა, სადაც ფულად რესურსზე წვდომა გაცილებით იოლია. თუმცა, როგორც სპეციალისტების დიდი ნაწილი აცხადებს, ადგილობრივ ბიზნეს ეს ალტერნატივა არ აქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქვეყანაში საფონდო ბირჟა, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, მშპ-თან მიმართებით, ადგილობრივი სახელმწიფო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა ბოლო 5 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 2.5-ჯერ გაიზარდა და 2019 წლის ბოლოს 11% შეადგინა. გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და კაპიტალის ბაზრის ზრდას საქართველოში საპენსიო რეფორმაც დაეხმარება. გვენეტაძის ამ ოპტიმიზმს „კვირასთან“ საუბარში არ იზიარებს ფინანსისტი, ვახტანგ ხომიზურაშვილი.

მისი თქმით, კაპიტალის ბაზარი და საერთოდ ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში მკვდარია. ხომიზურაშვილის მტკიცებით, საფონდო ბირჟა გაჩერებულია და გარიგებები, ფაქტობრივად, არ ხდება. არ ხდება ღია, საჯარო ემისიები და ფასიანი ქაღალდები, სავაჭროდ იშვიათი გამონაკლისის გარდა, მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს გამოაქვს.

„ მაშინ, როდესაც კომპანია უშვებს, იგივე, კორპორატიულ ობლიგაციებს, წინასწარ განსაზღვრული რამდენიმე ინვესტორი ყიდულობს ამ ობლიგაციებს იმისათვის, რომ საბანკო სესხის რესტრუქტურიზაცია მოახდინოს. ეს არ არის ფასიანი ქაღალდების ბაზარი“, – აცხადებს ხომიზურაშვილი.
ხომიზურაშვილის თქმით, ის, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარი ვარ ვითარდება, დიდწილად, ეროვნული და კომერციული ბანკების „დამსახურებაა“.

„ბანკების ინტერესშია, რომ ბაზარი არ განვითარდეს და ეს, ბუნებრივია. პირობითად განვმარტავ, თუკი ბაზარმა განვითარება დაიწყო და კომპანიებმა ობლიგაციების აქტიური გამოშვება და საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვას მიჰყვეს ხელი, ბანკების საკრედიტო პორტფელი მნიშვნელოვნად შემცირდება, ჩაიფუშება. ეს მოხდება იმიტომ, რომ კომერციული ბანკებიდან გაედინება ფული და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დაბანდდება, რომელიც უფრო მომგებიანია. ცხადია, ბანკებს ეს არ აწყობს. ამიტომ, აქამდე როგორ გააჩერეს რეგულირების ეს სფერო ეროვნული ბანკის ქოლგის ქვეშ, რეალურად, ვერ წარმომიდგენია. მაგალითისთვის, როდესაც  ერთი მსხვილი კომპანია ასახავს თავის კაპიტალს აქციებში და ერთი ბანკი მთლიანად ყიდულობს ამ კომპანიის 100%-ს, ეს არ არის ფასიანი ქაღალდების ბაზარი. საქართველოში არცერთი ღია, კლასიკური საჯარო ემისია არ განხორციელებულა. ფასიანი ქაღალდების ბაზარი  არის ბევრი ფული საფონდო ბირჟაზე, ბევრი ემისია, ბაზრის ოპერატორების ოპტიმალური რაოდენობა და ინტენსიური გარიგებები ბირჟებზე”, -აცხადებს ხომიზურაშვილი.

სპეციალისტების ერთი ნაწილის შეფასებით, პრობლემას ქმნის ის გარემოებაც, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორი ეროვნული ბანკია. მათი თქმით, ეროვნული ბანკი თვითონ არის მოვაჭრე და მონაწილე ფასიანი ქაღალდების ბაზრისა, ამავდროულად, ის არის საკრედიტო ინსტიტუტების რეგულატორიც. შედეგად, ვიღებთ იმას, რომ ეროვნული ბანკი მხოლოდ საბანკო სექტორის დახმარებასა და განვითარებაზე ზრუნავს.
სპეციალისტების, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, თუ ვითარება არ შეიცვალა, ფინანსური რესურსების ალტერნატიული წყარო ბიზნესისათვის კიდევ დიდხანს ვერ შეიქმნება; შესაბამისად, ვერ განვითარდება ბიზნესი და მთლიანად ეკონომიკა.

პრობლემებზეა საუბარი კაპიტალის ბაზრის განვითარების იმ სტრატეგიაშიც, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2016 წელს შეიქმნა. დოკუმენტში ამ ბაზრის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებად მიჩნეულია მაღალი ტარიფები და ემისიებთან დაკავშირებული ხარჯები; არასაკმარისი ლიკვიდობა, რაც ზღუდავს ინვესტორების დაინტერესებას; შემოსავლიანობის მრუდის არარსებობა, რაც შეუძლებელს ხდიდა ფასწარმოქმნას; ემიტენტების არასაკმარისი გამჭვირვალობა, სუსტი კორპორატიული მმართველობა და კომპანიების კრედიტუნარიანობის შეფასების არაეფექტური სისტემა; ინსტიტუციონალური ინვესტორების არ არსებობა; არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა; დაბეგვრის სისტემა, რომელიც არ უწყობს ხელს ბაზრის განვითარებას.

როგორც “კომერსანტი” წერს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება-განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შემოდგომაზე საქართველოს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტიდან სპეციალური მრჩევლი ეწვევა. როგორც აშშ-ის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მაიკლ ქაუგლი აცხადებს, სპეციალური მრჩეველი აშშ-დან ეროვნულ ბანკთან ითანამშრომლობს და მიზანი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში დახმარება იქნება.

ხუმიზურაშვილი განცხადებით, თავის დროზე იმავე ამერიკელების უშუალო მონაწილეობითა და დახმარებით საქართველოში კპიტალი ბაზრის საკმაოდ საინტერესო რეფორმა ჩატარდა, დაიხარჯა 20 მილიონ დოლარი. აშშ-ის განვითარების სააგენტოსა და “ბარენც ჯგუფის” ხელშეწყობითა და დაფინანსებით, 2000 წელს მომზადდა კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ თუმცა, საბოლოოდზ  სასურველი შედეგი არ დადგა.

ამის მიზეზად ხომიზურაშვილი 2008 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ასახელებს. ხომიზურაშვილის თქმით, აუცილებელია კანონმდებლობაში დაბრუნდეს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა მხოლოდ საფონდო ბირჟაზე იყო შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები