დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.
უწყების ცნობით, კამპანიის ფარგლებში – „ვიცხოვროთ ბუნებასთან ჰარმონიაში“ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა – მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს.
გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობასა და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
ცნობისათვის, 1972 წლის 15 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაერო-ს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.