“თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებს იძიებს”
თბილისის პოლიციის “დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებს იძიებს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა, ნინო ცაციაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
ნინო ცაციაშვილმა „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესრულების შესახებ მოხსენება წარადგინა.
რეკომენდაციების შესრულების მიზნით, სამინისტროში 2018-2020 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ:
“სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის მიზნით, 2020 წელს დიდი ნაბიჯი იქნა გადადგმული. 17 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“. აღნიშნული კანონითა და თანმდევი ცვლილებებით მოხდა სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრება. კანონი ასევე ითვალისწინებს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავისათვის მთელი რიგი უფლებების (მათ შორის, სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების) ჩამორთმევასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრის შექმნას.
ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებს იძიებს;
ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვან მსხვერპლთა, აგრეთვე, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი”, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ასახული სახალხო დამცველის 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შეასრულა. სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა და აღნიშნა, რომ იგი გამოირჩეოდა შესრულებული დავალებების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით.