ნინო ცაციაშვილი: ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 29 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს 23-ში

შსს-მ გაზარდა იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, სადაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი და დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 29 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს 23 იზოლატორში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა ნინო ცაციაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

ნინო ცაციაშვილმა „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესრულების შესახებ მოხსენება წარადგინა.

რეკომენდაციების შესრულების მიზნით, სამინისტროში 2018-2020 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ:

“სამინისტრომ გაზარდა იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, სადაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. კვლავ გრძელდება ექიმების დასაქმება სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტებში და დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 29 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს 23 იზოლატორში. 2020 წელს იგეგმება ექიმების დასაქმება სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის კიდევ ერთ იზოლატორში – ბაღდათი.

იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების სრულყოფილად დოკუმენტირების მიზნით, 2020 წელს ცვლილება შევიდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული პირების სამედიცინო შემოწმების ჩატარების ინსტრუქციაში და დეტალურად გაიწერა სხეულზე არსებული დაზიანების ფოტოგადაღებისა და გადაღებული ფოტოსურათების შენახვის დეტალური წესები. ამასთან, 2019-2020 წლებში არაერთი ტრენინგი ჩატარდა დაზიანებების დოკუმენტირების, მათ შორის, სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების საკითხებზე. სამინისტრო, იზოლატორებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადებას 2020 წელსაც აქტიურად გააგრძელებს,”- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ასახული სახალხო დამცველის 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შეასრულა. სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა და აღნიშნა, რომ იგი გამოირჩეოდა შესრულებული დავალებების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები