რისგან მზადდება რძის პროდუქტები საქართველოში და რატომ აგებს ნედლი რძე კონკურენციას რძის ფხვნილთან

საქართველოს რძის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნედლი რძის მაღალი თვითრირებულება და მასზე დაბალი მოთხოვნაა.ამის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები მეწველი პირუტყვისთვის იმპორტირებული საკვების მაღალი ფასს ასახელებენ. პრობლემად რჩება ის გარემოებაც, რომ საქართველოში რძის 90%-ზე მეტი ოჯახურ მეურნეობებში იწარმოება, სადაც რძის საწარმოებლად მოძველებულ ტექნოლოგიებს იყენებენ.
სპეციალისტების განმარტებით, ეს განაპირობებს იმას, რომ რძის წარმოება ხშირ შემთხვევაში წამგებიანია, რძის ხარისხი კი – დაბალი. შესაბამისად, საქართველოში ხარისხიანი ნედლი რძე დეფიციტურ პროდუქტად რჩება. ამ ყველაფრის გამო, როგორც „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი, რუსუდან გიგაშვილი გვეუბნება, რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლები უპირატესობას რძის ფხვნილს და არა ნედლ რძეს ანიჭებენ. შესაბამისად, მარკეტების დახლებზე განთავსებულ პროდუქციაში ნედლი რძის შემცველობა სპეციალისტებში ეჭვებს აჩენს.
„იმისათვის, რომ რძის პროდუქტების მოხმარება გაიზარდოს ქართული რძით და არა – იმპორტის ზრდით, ადგილობრივი საწარმოო ჯაჭვის კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს“, – აღნიშნულია საქართველოს რძის ბიზნესის ანალიზში.
ამ ანალიზის თანახმად, საქართველოში რძის პროდუქტების მოხმარება ერთ სულზე, ნედლი რძის ექვივალენტში, 178 კილოგრამია წელიწადში. ევროკავშირში ეს მავენებელი 325 კილოგრამს შეადგენს. როგორც საქართველოს რძის ბიზნესის ანალიზშია მითითებული, 2019 წელს საქართველომ 547 მლნ ლიტრი ნედლი რძეს აწარმოა. იმისათვის რომ ერთსულზე რძის პროდუქტების მოხმარებით ევროკავშირს გაუტოლდეს საქართველომ დამატებით 545 მლნ ლიტრი ნედლი რძე უნდა აწარმოოს, ამისათვის კი 55 ახალ ფერმა და 55,000-73,000 სული მაღალპროდუქტიული ჯიშის პირუტყვია საჭირო.
საქსტატის მონაცემებით 2020 წლის პირველ კვარტალში ნედლი რძის წარმოება გასულ წელთან შედარებით 5 %-ით გაიზარდა.გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველი აპრილის მდგომარეობით 18 ათასი სულით გაიზარდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობაც. ამ დადებითი დინამიკის მიუხედავად, როგორც საქართველოს რძის ბიზნესის ანალიზშია აღნიშნული, რეკორდულადაა გაზრდილი რძის ფხვნილის იმპორტიც. რძის ადგილობრივი წარმოების კიდევ ერთი კონკურენტია ირანული წარმოების შესქელებული მაღალცხიმიანი ე.წ. რძეპასტაც. როგორც „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი, რუსუდან გიგაშვილი აცხადებეს ადგილობრივი საწარმოები, განსაკუთრებით – დიდი კომპანიები, ამ პროდუქტის აქტიური მომხმარებლები გახდნენ. გიგაშვილის თქმით, არავინ იცის ირანული რძის რეალური შემცველობა, სანდოა თუ არა მისი წარმოშობის სერტიფიკატი და რამდენად გამართლებულია, მისგან დამზადებულ პროდუქტს ეტიკეტზე “საღი რძისგან მიღებული” ეწეროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები