მევლუდ მელაძე: რიგი ადამიანები ვერ აცნობიერებენ პრობლემას და ნიღაბი ტრანსპორტში სიმბოლურად, მხოლოდ ნიკაპზე უკეთიათ

“საქართველოს საავტომობილო ფედერაციის” ვიცეპრეზიდენტის, მევლუდ მელაძის განცხადებით, არაერთი შემთხვევაა, როცა მიკროავტობუსებში, აკრძალვის მიუხედავად, მგზავრები მაინც დგანან ფეხზე.
როგორც მევლუდ მელაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პერსკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ დარღვევის გამო ჯარიმები უნდა არსებობდეს.

მელაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„იმისთვის, რომ მზად ვყოფილიყავი ამ შეკითხვებისთვის, თავად ვიყენებდი ამ დღეებში ტრანსპორტს. მაინტერესებდა, რა ხდება, რას ფიქრობს ხალხი, გარკვეულ გამოკითხვებსაც ვატარებდი. ჩემდა გასახარად, მეტწილს მაინც გაცნობიერებული აქვს ეს პრობლემა. იცავს თავს რეკომენდაციების მიხედვით. ნიღაბი უკეთია ისე, როგორც უნდა ეკეთოს. მაგრამ მაინც რჩება რიგი ადამიანებისა, რომლებიც სიღრმისეულად ვერ აცნობიერებენ ამ პრობლემას და ნიღაბი სიმბოლურად უკეთიათ, მხოლოდ ნიკაპზე, რითაც პრობლემას უქმნის საკუთარ თავსაც და სხვებსაც. თუ ადამიანი ვირუსის მატრებელია, ინფექციის გადაცემა ასეთი გზით ყველაზე ხშირად ხდება. მე ვიტყოდი, რომ თავად საზოგადოება უნდა გადავამზადოთ. რაც შეეხება თავად ავტობუსებსა და მომსახურე პერსონალს – ისინი მაქსიმუმს ცდილობენ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. თავად მაკონტროლებელი, რომელიც ყველა ავტობუსს დაჰყვება, თავადვეა საფრთხეში, რადგან მთელს დღეს ავტობუსშია. ჯობს, ეს მაკონტროლებლები რისკის ქვეშ არ დავაყნეოთ და არა ავტობუსებში, არამედ გაჩერებებზე იდგნენ და სპეციალური ხსნარით ტრანსპორტში ამსვლელებს ხელის დამუშავებას სთავაზობდნენ. გვინდა თუ არ გვინდა, მთელი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი ადის და ჩამოდის, ეხებიან სახელურებს. ჩემი აზრით, ჯობს, გაჩერებებზე ხდებოდეს ხელების ხსნარებით დამუშავება. ასევე, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს იმისთვის, რათა თავად უზრუნველყონ სოციალური დისტანცირება, რადგან ეს ვირუსი სულაც არაა სახუმარო.
სამარშრუტო ტაქსებს რაც შეეხება – აქ მძღოლის პასუხისმგებლობაა, რომ ფეხზე მდგარი მგზავრი არ უნდა იყოს მიკროავტობუსში, რათა გადაჭედვა არ მოხდეს. არაერთხელ ვნახე ფეხზე მდგომი მგზავრები. ეს დანაშაულია, ასეთი დანაშაული უნდა იყოს დაჯარიმებული. ეს მომავალში მძღოლს აღარ მისცემს საშუალებას, ჰყავდეს მგზავრი, რომელიც ფეხზე დგას“, – განაცხადა მევლუდ მელაძემ.

მისივე თქმით, ავტობუსების რაოდენობა საკმარისი არაა.
„როცა სამსახურები მთავრდება, ხალხის ნაკადი დიდია და სოციალურ დისტანცირებას ვეღარ ახდენენ. რა თქმა უნდა, ავტობუსების დამატება აუცილებლია“, – განაცხადა მელაძემ.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი ტრანსპროტის მუშაობა 29 მაისს აღდგა. აუცილებელია, მგზავრებმა პირბადეები ატარონ. მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დგომა აკრძალულია. ტრანსპროტში კონდიციონერის ჩართვა დაშვებული არაა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები