“წარმატება ამ საქმეში დიდი შრომის, წვალებისა და ფიქრის ფასად მოდის” – როგორ ვითარდება ღვინის ტურიზმი
ტანას ხეობა საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში უამრავი ტურისტი სტუმრობს. 2009 წლიდან ატენის ხეობას „შატო ატენის„ მარნის სახით კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შეემატა, რომელიც აქ მოსულ ვიზიტორს ღვინისა და ქართული სამზარეულოს დაუვიწყარ ტურს სთავაზობს.
„შატო ატენის„ მარნის დამფუძნებელთან, სოსო ვანიშვილთან საუბარი საინტერესო აღმოჩნდა. საკუთარი ვენახის განვითარების თითოეული ეტაპი დეტალურად ახსოვს. ყველაფერი 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებული ვენახით დაიწყო. 6-წლიანი ლოდინის შემდეგ კი პირველი უხვი მოსავალიც მიიღო, რის შედეგადაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული, ინდივიდური დიზაინის, ფორმისა და გემოს 9 სახეობა სასმელს „შატო ატენის„ მარნიდან.
„ვენახი გავაშენეთ 2008 წლის ომის შემდეგ. მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ 2009 წელს. 1 ჰექტარზე გავაშენეთ ადგილობრივი ჯიშები: გორული მწვანე, ჩინური და „თავკვერი“. 2015 წელს მივიღეთ პირველი კარგი მოსავალი. 2016 წელს ჩამოვასხით პირველად ღვინო და ამავე წელს გავხსენით ოჯახური ტიპის სადეგუსტაციო მარანი, რომელიც ძალიან ცნობილი გახდა მოკლე დროში, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ქართველ და უცხოელ სტუმრებში, ჩვენმა ღვინოებმა, ჩვენმა ოჯახურმა კერძებმა, სამზარეულომ და სტუმარმასპინძლობამ, რომელიც უმთავრესია.
ვაწარმოებთ უკვე 9 სახეობა სასმელს. თუმცა მინდა, გითხრათ, რომ თავიდან ვაწარმოებდი მხოლოდ ორს: ატენურსა და თავკვერს. შემდეგ დაემატა ჩინური და ხიდისთაური, ასევე, სამი სახის ჭაჭა”, – ჰყვება “რეგიონულ კვირასთან” მეღვინე.
სოსო ვანიშვილისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა უძველესი ღვინის სახეობის გაცოცხლება, რომელსაც არა მხოლოდ შიდა ქართლში, არამედ, სრულიად საქართველოში “ცქრიალა ატენურის” სახელით იცნობდნენ. ძველი და ახალი ტექნოლოგიების შერწყმის შედეგად, ძველი სახელით, მაგრამ კიდევ უფრო გაუმჯობესებული არომატით, “ცქრიალა ატენურის“ ჩამოსხმა დაიწყო, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოთხოვნადი ღვინის სახეობაა არა მხოლოდ “შატო ატენის” მარანში, არამედ – ოკეანის მიღმა კონტინენტზეც.
„როგორც ვიცი, ატენის მიკრო ზონა ცნობილია საშამპანურე ღვინო მასალის წარმოებით. ადრე იყო ატენის ღვინის ქარხანა, სადაც იწარმოებოდა “ცქრიალა ატენური“, სამწუხაროდ, ეს ქარხანა აღარ აწარმოებს ღვინოს და სულ მინდოდა, დამეწყო ეს რთული და რისკიანი გზა, რასაც “ცქრიალა ღვინის” გზა ჰქვია და გასულ წელს დავიწყე ამ ღვინის წარმოება. კლასიკური მეთოდით, მეორადი დუღილი ბოთლში, რომელიც საკმაოდ რთული პროცედურაა. წელს უკვე თებერვლის თვიდან ჩაეშვა გაყიდვაში ჩვენი “ცქრიალა ატენური” და „ცქრიალა ელისაბედი”, რომელიც მე შევქმენი და არავის გაუკეთებია ამ სახით. ჩვენს რეგიონში ვარ პირველი, ოჯახური ტიპის მარნებში, ვინც ცქრიალა ღვინის წარმოება დაიწყო.
ჩვენ 2018 წლის გაზაფხულზე უკვე გავგზავნეთ პირველი პარტია, საექსპორტოდ აშშ-ში, 4 000 ბოთლზე მეტი ველოდებოდით მეორე შეკვეთას, თუმცა ცნობილმა მოვლენებმა შეგვაჩერა. ადგილზე რამდენიმე რესტორანში იყიდება ჩვენი ღვინო, თბილისში და ასევე ჩვენს მარანში”, – ამბობს სოსო ვანიშვილი.
“შატო ატენის” მარანი ტურისტების მისაღებად უკვე მზადაა. თუმცა წელს ჩვენს რესპონდენტს ვიზიტორების მიღება და მათთვის საკუთარი ვენახებისა და ქართული ღვინის ისტორიის გაცნობა განსხვავებულ პირობებში მოუწევს. როგორც ვანიშვილი აღნიშნავს მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში საქართველოს მთავრობისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების სრული დაცვა, რათა შენარჩუნებული იქნას მთავრობისა და მედიკოსების მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი. შედეგი კი არის ის, რომ დღეს საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წამყვან პოზიციებს იკავებს.
ჩვენი რესპონდენტი – ისევე, როგორც სხვა მეწარმეები, მსოფლიო პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. თუმცა მეღვინე მიიჩნევს, რომ დასახული გეგმების განხორციელებას მალე დაიწყებს და ტანას ხეობაში, “შატო ატენის” მარანში მოსულ სტუმარს უახლოეს პერიოდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმროც დახვდება.
„რაც შეეხება მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, ტურიზმის ნაწილი ჩვენც გვეხება. საერთოდ მთავრობას უდიდეს მადლობას მოვუხდი იმ შრომისა და იმ გაწეული შედეგის დადებისთვის, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენს მედიკოსებთან ერთად იმუშავეს, მათ მართლაც იმუშავეს 24/7-ზე.
მე ვფიქრობ, ამ ანტიკრიზისული გეგმის შედეგიანობას პრაქტიკა გვაჩვენებს, ის შეზღუდვები დროს კიდევ უფრო გაზრდის. მაგალითად, ტური კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ადამიანს უნდა დაეთვალიერებინა 30 ღირსშესანიშნაობა, უნდა მისულიყო 30 ლოკაციაზე, დრო მეტი სჭირდება, აძვირებს პაკეტს. ესაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითება, რომელიც ყველა სახელმწიფოს ვალდებულებაა გაითვალისწინოს და შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს იმ ობიექტებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ტურისტების მიღება და გამასპინძლება. წელს შეგვაჩერა კოვიდმა, კიდევ დამატებით სამუშაოების ჩატარებას ვაპირებდით დამატებითი ვენახების გასაშენებლად. ვაპირებდით საკმაოდ დიდი პროექტის დაწყებას, სასტუმროს აშენებას, ასევე, სარდაფში დიდი მარნის მოწყობას, რომელიც უფრო მეტ საშუალებას მოგვცემდა ღვინის საწარმოებლად. მაგალითად ცქრიალა ღვინოს გაცილებით მეტი ადგილი სჭირდება საწარმოებლად, ვიდრე – მშრალი ტიპის ღვინო“, – აღნიშნა მეღვინემ.
გამოცდილი მეღვინე, სოსო ვანიშვილი საკუთარი წარმატების მიზეზად მიწის, ვენახის, ყურძნის თითოეული მტევნისა თუ მარცვლის სიყვარულს ასახელებს. დამწყებ მეღვინეებს, უპირველეს ყოვლისა, ვაზის, როგორც ცოცხალ არსებად აღქმას მოუწოდებს, რომელსაც უდიდესი მზრუნველობა და სიყვარული სჭირდება. მისი თქმით, წარმატება ამ საქმეში დიდი შრომის, წვალებისა და ფიქრის ფასად მოდის. სასურველი შედეგი კი მხოლოდ მაშინ მიიღება, როდესაც მეღვინე საკუთარ ვენახში შრომისგან „ოფლს გამოიდენს”.
ნინო ბერძენიშვილი