ზახაროვა ობამას მრჩეველს: შეხედეთ თვალებში თქვენს ხალხს და ეცადეთ, უთხრათ მათ, რომ ისინი რუსების მიერ არიან მანიპულირებულნი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, სიუზენ რაისის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

რაისმა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო ტალღის კომენტირებისას არ გამორიცხა, რომ აქციები გარე ძალების, იგივე რუსეთის მიერ იყო წაქეზებული სოციალური ქსელის გამოყენებით, რადგან მათში, მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა, ექსტრემისტებიც მონაწილეობენ, რომლებიც ცდილობენ, ქუჩაში გასული ხალხის გულწრფელი ტკივილი სხვა ჭრილში გადაიყვანონ.

როგორც ზახაროვამ სოციალურ ქსელში დაწერა, დემოკრატიული პარტიის წევრებმა ფატალური შეცდომა დაუშვეს, როდესაც ყველაფერში, რაც არ მოსწონდათ, რუსეთი დაადანაშაულეს.

“ჰილარი კლინტონმა და ობამას გუნდმა საკუთარი თავი დაარწმუნეს და შემდგომ ამაში მსოფლიოს დარწმუნება სცადეს, რომ აშშ-ის შიდა პრობლემები შექმნილია და წახალისებულია რუსეთის მიერ. ამ შეცდომას იმეორებთ და მანიპულირების ბინძურ მეთოდებს იყენებთ, რადგან ავრცელებთ ყალბ ნიუსებს და არ გაქვთ არანირი ფაქტები. უნდა შეგახსენოთ, რომ სოციალური მედია, რომელიც თქვენი თქმით, რუსეთის მიერ ამერიკის ქალაქებში ცეცხლზე ნავთის დასხმისთვის გამოიყენება, შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული, ამერიკელებს ეკუთვნის და ამერიკის კანონმდებლობით რეგულირდება. დაუბრუნდით რეალობას. შეხედეთ თვალებში თქვენს ხალხს და ეცადეთ, უთხრათ მათ, რომ ისინი რუსების მიერ არიან მანიპულირებულნი YouTube-ისა და Facebook-ის გამოყენებით. მე კი დავჯდები და დავაკვირდები, როგორი იქნება “ამერიკული უნიკალურობა” მოქმდებაში”, – წერს ზახაროვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები