გიორგი გახარია: მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პირველი ივლისიდან პენსიის ზრდა გაგრძელდება
მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პირველი ივლისიდან პენსიის ზრდა გაგრძელდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ ეს საკმარისი არ არის.
„ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთებით წელს გაიზარდა პენსია პენსიონერებისთვის 20 ლარით. მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პირველი ივლისიდან პენსიის ზრდა გაგრძელდება. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ჩვენ მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციის მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80 პროცენტი.
ჩემთვის უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის საკმარისზე ბევრად ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ კრიზისში ვართ. მესმის, რომ ყველა ამ ციფრის უკან დგას ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება, მძიმე ცხოვრება. ხშირ შემთხვევაში და ზოგ შემთხვევაში ეს ცხოვრება უმძიმესი ტრაგიზმით არის გამსჭვალული.მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ დინამიკა სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით ქვეყანაში თითოეული მოქალაქისთვის იმედისმომცემი მაინც უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა გახარიამ.