ბოლნისელმა მეღვინეებმა რამდენიმე წელია, რაც ქართული ტრადიციული წესით ქვევრში ღვინის დაყენება აქტიურად დაიწყეს. ბოლნისში სულ 25 მცირე მარანია და თითქმის ყველა მათგანი სხვადასხვა ფესტივალის გამარჯვებულია.
ერთ-ერთი მარნის მფლობელმა, გურამ ავქოფაშვილმა კი ღვინის საზღვრებს გარეთ გატანა მოახერხა და დღეს მის ქვევრის ღვინოს ავსტრალიის მაღაზიებში შეხვდებით.
კორონავირუსისგან გამოწევეული პრობლემების მიუხედავად, გურამს არც წარმოება და არც უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები შეუჩერებია. როგორ შეძლო ახალგაზრდა მეღვინემ ქვევრის ღვინოს ავსტრალიის ბაზარზე გატანა, რა წინაღობები შეხვდა, დაეხმარა თუ არა მას სახელმწიფო და რა გეგმები აქვს სამომავლოდ – “რეგიონული კვირა” ბოლნისელ მეღვინეს გაგაცნობთ.
54 წლის გურამ ავქოფაშვილი ბოლნისის მკვიდრია. 2015 წელს თავის ძმასთან ერთად, მამა-პაპის ტრადიციის გაგრძელება გადაწყვიტა, ქვევრის ღვინის დაყენება დაიწყო და ბიზნესად აქცია. სახელიც მალე მოიფიქრეს, “ძმების მარანი” დაარქვეს და იდეამაც გაამართლა.
2016 წელს “ძმების მარანმა” ღვინის ფესტივალზე პირველი ოქროს ჯილდო მიიღო.
ძმები 5 სახეობის ღვინოს ხდიან – საფერავი, საფერავი ორკვირიანი დაყოვნებით ჭაჭაზე, საფერავი 6-თვიანი დაყოვნებით ჭაჭაზე, ვარდისფერი თავკვერი და თავკვერი ორთვიანი დაყოვნებით ჭაჭაზე.
„ჩვენი ოჯახი მეღვინეობას ჩვენი დიდი პაპის დროიდან მიჰყვება, თუმცა მე და ჩემმა ძმამ მეღვინეობა 2015 წლიდან დავიწყეთ. ამავე წელს რთველი ჩავატარეთ, შევიძინეთ ქვევრები და ამ მოსავლით 2016 წელს მივიღეთ პირველი ოქროს ჯილდო ღვინის ფესტივალზე. სწორედ ამან უფრო მეტად მოგვცა სტიმული, რომ ეს საქმე გაგვეგრძელებინა. პრინციპულად დავისახეთ მიზნად ნატურალური, სუფთა ღვინის წარმოება“, – იხსენებს “რეგიონულ კვირასთან” გურამი.
„ძმების მარანის” ღვინოები წარმოების მეხუთე წელს ქვეყნის საზღვრებს გასცდა. ძმები აქტიურად ეძებდნენ უცხოურ ბაზარზე გასვლის გზებს, რაშიც ხელს განსაკუთრებით ღვინის ფესტივალები უწყობდათ. სწორედ აქედან გახდა პოპულარული ბოლნისური ღვინოც.
„ღვინის გაყიდვის ერთ-ერთი გზა არის ფესტივალები და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან შეგვიწყო ხელი „ახალი ღვინის ფესტივალმა”, რომელშიც 2013 წლიდან ვმონაწილეობთ. ასევე ექსპო-ჯორჯიას კონკურსი, გამოფენა ტარდება ხოლმე სწორედ აქ გასინჯა ჩვენი პარტნიორი ორგანიზააციის მენეჯერმა „ძმების მარანის” ღვინოები და აქედან დაიწყო საქართველოს საზღვრებს გარეთ ჩვენი ღვინის გატანა. კერძოდ კი ავსტრალიის მაღაზიის ვიტრინებს ამშვენებს. ძალიან მაგარი უნდა იყო, რომ ღვინო დისტანციურად გაყიდო, ჩვენ თუ მოვახერხეთ და გაუსინჯავად გავყიდეთ ღვინო, მაშინ ვიქნებით მაგრები“, – ამბობს გურამ ავქოფაშვილი.
გურამი „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა და ღვინის სააგენტო ცდილობს, ამ დარგს ხელი შეუწყოს და განავითაროს, რადგან ყველამ იცის, დიდი პოტენციალია . გურამი იმასაც ამბობს, უამრავი პროგრამა არსებობს, რომელიც ხელს უწყობს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას. ბოლნისელი მეღვინე მომავალში დიდ გეგმებს სახავს და მისი აზრით, ბოლნისი მალე მსოფლიოში გემრიელი, ქართული ღვინით გაითქვამს სახელს.
მარიამ გიორგაშვილი