რუსეთი კორონავირუსს ვერ უმკლავდება და, ამ ფონზე, კვლავ ლუგარის ლაბორატორიას უტევს – რატომ ერჩის ოკუპანტი კვლევით ცენტრს 

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რუსეთი კვლავ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს უტევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში არსებული კვლევითი ცენტრის საქმიანობას ისევ  ეჭვის ქვეშ აყენებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების  თანახმად,  რუსეთის ფედერაცია თბილისში მდებარე ლუგარის კვლევით ცენტრში რუსი ექსპერტების დაშვებაზე საქართველოს პასუხს ელოდება.  როგორც რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, მათი შეშფოთების საგანია   ის, რომ ვაშინგტონი არ ხსნის, რა საქმიანობას ეწევა რუსეთის საზღვართან ახლოს.

„არსებული ინფორმაციით, ამერიკის სამხედრო უწყება და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევებს აფინანსებენ, ასევე, იხდიან ხარჯებს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩათვლით. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, აშშ არ გვაწვდის ინფორმაციას იქ განხორციელებულ ორმაგი დანიშნულების საქმიანობაზე – არც ბიოლოგიური და ტოქსინების აკრძალვის კონვენციის ფარგლებში და არც – ორმხრივი არხების საშუალებით.
ჩვენი შეშფოთების საგანი არის ის, რომ ვაშინგტონი არ გვიხსნის, რა საქმიანობას ეწევა რუსეთის საზღვართან ახლოს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ეს ფაქტი არ იყოს გათვალისწინებული ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საუბარია ასეთ მგრძნობიარე ასპექტებზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  რუსეთის ფედერაცია საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მორიგ ცრუ ბრალდებებს ავრცელებს.

„საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განმარტებები ცენტრის სტატუსსა და ფუნქციონირების დეტალებზე, თუმცა რუსეთის გამუდმებული პროვოკაციები გვაიძულებს, კვლავ შევეხოთ ამ საკითხს, რითაც, პირველ ყოვლისა, გვსურს, მივიპყროთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება რუსეთის უხეში მცდელობების მიმართ, დააკნინონ წარმატებული ინსტიტუციის როლი საქართველოსა და რეგიონული უსაფრთხოების საქმეში“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე  ცნობით, საქართველო ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

„საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც, მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც აქვთ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად. ამის შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა, საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში, საქართველო მზადაა განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები კონვენციის წევრ-ქვეყნებთან ერთად.

რუსეთის უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, რომელთა ერთადერთი მიზანი შეიძლება, იყოს, დააკნინოს ლუგარის ცენტრის ფუნქციონირება და მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კვლევები, საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიული ერთეული.

აავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრის ხელმძღვანლის,  ამირან გამყრელიძის თქმით, პირადად არაერთი რუსი მაღალჩინოსანი მოუწვევია საქართველოში, მათ შორის, ქვეყნის ჯანდაცვის უწყებიდან.

რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში, ამაზე ნერვიულობენ რუსეთში, ლუგარის ლაბორატორია ხდება პოლიტიკური მანიპულაციების საგანი, რადგან აშშ არის ჩვენი პირველი პარტნიორი ყველა მიმართულებით

ნამყოფი არიან ბევრჯერ რუსი ჟურნალისტები და გადაღებული აქვთ ყველაფერი. ნამყოფია მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიოლოგიური სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი.  სხვა პასუხი ჩვენ არ გვაქვს. ეს აქვთ პოლიტიკურ თემად არჩეული და როცა უნდათ, მაშინ გადმოაგდებენ ხოლმე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რატომ  ესხმის პერიოდულად თავს  ლუგარის ლაბორატორიას ოკუპანტი რუსეთი?  – ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ ანალიტიკოსებს  ესაუბრა.

კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი,   პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სინამდვილეში რუსეთმა კარგად იცის,  ლუგარის ლაბორატორიიდან არანაირი საფრთხე  მომდინარეობს. როგორც კონფლიქტოლოგი აღნიშნავს, რუსეთს შემდეგი ნაბიჯების ეშინია –  იმის, რომ  თუ ლაბორატორიის  პროექტი წარმატებულია, სხვა რაღაცაც წარმატებული იქნება,   დასავლურ პროექტებში საქართველოს მეტი წარმატების ეშინიათ.

„აშკარად ჩანს,  რუსეთი გამწარებულია იმით, რომ  საქართველო ღირსეულად  უმკლავდება კორონავირუსის გამოწვევას.   ამ ეტაპზე ნამდვილად შესაქებია როგორც ქართული მედიცინა, ისე – ქართული საზოგადოება –  რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ მსოფლიო მნიშვნელობის გამოწვევას. აქ ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი არის ლუგარის ლაბორატორიის არსებობა, რომელიც იძლევა თანამედროვე დონის ანალიზის საშუალებას. ბუნებივია, რუსეთი გამწარებლია, რომ გუშინ  რუსეთის შემდგენლობაში მყოფი საქართველო, რომელსაც,  თითქოსდა, განვითარების არავითარი შანსი არ ჰქონდა,  თურმე წარმატებულია, ევროპის დონის შედეგები აქვს, უფრო უკეთესიც. თვითონ ვერ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას.  აშკარად ხედავს,  რომ თავად აქვს ჩავარდნა, შუა საუკუნეების დონის ლაბორატორიებით მართავენ სიტუაციას, ხოლო ჩვენთან არის წარმატებული დასავლური, ამერიკული ლაბორატორია.  უნდათ, ამის დისკრედიტაცია მოახდინონ. საუბარი ბიოლოგიურ,  ქიმიურ იარაღზე, ბოდვაა.

რუსეთი ხედავს, რომ მისი  ყოფილი სატელიტი სახელმწიფო დღეს წარმატებულია და წინაა.   იმიტომაა წარმატებული,  რომ რუსეთისგანაა გამოყოფილი და დისტანცირებული. თუ ლუგარის ლაბორატორიამ გაამართლა, რატომ არ გაამართლებს, მაგალითად, ნატო-ს წვერობა? ეს შემდეგი ნაბიჯი იქნება.

დასავლური ინსტიტუტები, ფენომენები, როგორიც ლაბორატორიაა, წარმატებული პროექტებია. მათ კარგად იციან, რომ ეს წარმატებული პროექტია და არაფერი საფრთხე  აქ არაა, მათ შემდეგი ნაბიჯების ეშინიათ –  იმის, რომ  თუ ეს წარმატებულია, სხვა რაღაცაც წარმატებული იქნება.  ეშინიათ საქართველოს მეტი წარმატებისა დასავლურ პროექტებში“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე ლუგარის ლაბორატორიის საკითხს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებთან აკავშირებს.  ამასთან დაკავშირებით არეშიძემ „კვირასთან“ ისაუბრა.

„რაღაც ძალიან ფაფხური ატყდა ბოლო დროა ცხინვალში მიუხედავად იმისა, რომ არც მანამდე გაუკეთებიათ მაინცდამაინც პაუზა. სხვადასხვა ფაქტორი ერთმანეთს ემთხვევა:  ერთია,  რომ ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ საერთაშორისო დამკვირვებლებს, პრაქტიკულად,  ომი გამოუცხადა. ავრცელებს და ავრცელებს განცხადებებს მათი არასამართლებრივი მოქმედების  თაობაზე, ვითომ სადღაც შევიდნენ ისინი ცხინვალის რეგიონში, დაარღვიეს საზღვარი და ა.შ. მეორეც-  მუდმივი განცხადებები კეთდება იმის თაობაზე,  რომ ქართული მხარე შეჭრილია მათ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, პარალელურად ბორდერიზაცია ხორციელდება. ამას ემატება ის, რომ ამ პანდემიის პირობებში ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ დაიწყო განხილვა კანონისა, რომელიც მოქალაქეებისთვის იარაღის დაკანონებას გულისხმობს.  ცალ-ცალკე ამ ყველაფერს შესაძლოა, რაღაც ახსნა ჰქონდეს, მაგრამ ერთად როცაა,  სხვა ფიქრის საფუძველს გაძლევს –   რაღაც გარკვეული პროვოკაციისთვის ხომ არ ემზადებიან? მართალია, ეს უკიდურესი ვარიანტია, მაინც არ ვფიქრობ, რომ რაიმე პროვოკაციის თავი აქვს ვინმეს, მაგრამ  ეს  მაინც ცუდად გამოიყურება. იქეთა მხრიდან  როგორც მაქვს ინფორმაცია,  დიდი ნაწილი ამ ინიციატივებისა არის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივა. მაგრამ მახსოვს, კოკოითის ანალოგიურმა ქმდებებმა, საბოლოოდ, გარკვეულ ნაწილში ვითარების ესკალაცია გამოიწვია. სჩვევიათ სეპარატისტული  ხელისუფლების ლიდერებს,  რომ სიტუაცია ისე დაძაბონ,  საბოლოოდ, კონფლიქტი გამოიწვიონ, როცა თავისი პატრონის ზურგსუკან  დაიმალებიან.

რაც შეეხება ლუგარის ლაბორატოიის თემას, ესეც მიბმულია ამ სიტუაციასთან.  რუსეთი დიდი ხანია, ლაპარაკობს ლუგარის  ლაბორატორიის თაობაზე, ვითომ საფრთხეზე, რაც იქედან მომდინარეობს, ეს იდიოტიზმია.  მე მაინც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,  რომ ეს არის გარკვეული ეტაპი იმ ნაბიჯისა, რომელსაც დგამენ უკვე, ეს გულისხმობს ოსების გენოციდის თემას,  სხვანაირად რომ ვთქვათ –  ადრეც მოუწყვეს ქართველებმა ოსებს გენოციდი და  ახლაც გენოციდის რეჟიმში ჰყავთო. ეს, რასაკვირველია,  მტკნარი სიცრუე და სისულელეა, მაგრამ საზოგადოებაზე მუშაობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც ამ კონტექტშიც შეიძლება, განვიხილოთ იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლებაც ხედავს, ზედმეტი აქტიურობები მოდის იქეთა მხრიდან და გადადგა ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ უშვებს შესაძლებლობას, ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის სპეციალისტთა ჯგუფი ჩამოვიდეს.

რომ შევაჯამოთ, ეს ყველაფერი  არის რუსული პოლიტიკის ნაწილი, პლუს, ადგილობრივების  ინიციატივა, რომელიც კონფრონტაციაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა არეშიძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების მხრივ რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა. დადასტურებულია 370 680 შემთხვევა, გარდაცვლილია 3  968 ადამიანი.

კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს ერთერთი მთავარი საყრდენი სწორედ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრია.

რუსეთი ლუგარის ლაბორატორიას  წლების განმავლობაში საფრთხესთან აიგივებს. ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება-  ლაბორატორიის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებული ხშირი მესიჯებია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები