ზუსტად 102 წლის წინ საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს და დღეს პარლამენტის ფუნქცია, ქვეყანაში, მის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში საპარლამენტო კონტროლის ჩათვლით არის უაღრესად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა მზადაა, საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს უპასუხოს.
„ჩემთვის პატივია დღეს მქონდეს შესაძლებლობა, მოგმართოთ თქვენ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი სურვილით, მთავრობის და საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობით ვართ აქ. მინდა, დავიწყო იმით, რომ ზუსტად 102 წლის წინ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს და დღეს პარლამენტის ფუნქცია, ქვეყანაში მის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, საპარლამენტო კონტროლის ჩათვლით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, იმ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე, რომელიც ჩვენ გვაკისრია ჩვენი მოქალაქეებისა და პარლამენტის წინაშე, აგრეთვე, იმ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა, შეუძლებელი იყო, რომ სწორედ ამ ტრიბუნიდან არ გაგვეცა პასუხი,”- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, დღეს ყველაზე აქტუალური კითხვები გლობალურ პანდემიას ეხება და მთავრობა მზადაა, ისაუბროს ამ თემებზე.
„ითქვა უკვე – კითხვები შესაძლოა არსებობდეს სხვადასხვა სფეროდან – ჩვენი ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებიდან, თუმცა დღეს ყველაზე აქტუალური, რაც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებთ, გახლავთ გლობალური პანდემია, შესაბამისად, მზად ვართ ვისაუბროთ ამ თემაზე, პასუხი გავცეთ ყველა კითხვას, არანაირი დახურული თემები ჩვენთვის არ არსებობს,” – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.