შუახევის თვითმმართველობის შენობაზე საქართველოს ეროვნული დროშები გამოიფინა
მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, წელს შუახევის მუნიციპალიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიების გარეშე აღნიშნავს. სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, თვითმმართველობის შენობაზე საქართველოს ეროვნული დროშები გამოიფინა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შუახევის მერიიდან აცნობეს, კულტურის ცენტრის ეზოში შეიკრიბნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
“26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოსთვის, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა. საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო ის მთავარი იდეა და საყრდენი, რაზეც იდგა ქართველი ერი. ამ იდეისთვის იბრძოდნენ სამშობლოსთვის თავდადებული გმირები და მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მომავალ თაობებს დავუტოვოთ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს და მჯერა, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად ვიზეიმებთ, ერთ მუშტად შეკრულ, მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ საქართველოს!”, – განაცხადა შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ,,სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო: “ამიერიდან, საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი, ხოლო საქართველო – სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”.