გასულ წლებში აზიურმა ფაროსანამ სასოფლო სამეურნეო კულტურა მნიშვნელოვად დააზარალა. მავნებელი მცენარეებით კვებას გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს – მაშინ, როცა ფოთოლი, ყლორტი და ნაყოფი აყვავებას იწყებს. თითქმის მთელი თხილის მოსავალი ჯერ კიდევ ნედლ მდგომარეობაშივე, დახვრეტილი, დათხელებული და დამპალი ხდება.
გასულ წლებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამი ძირითადი მიმართულებით განახორციელა: ჩატარდა სრულმასშტაბიანი მონიტორინგი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, დასავლეთ საქართველოში განისაზღვრა მავნებლის გავრცელების არეალი და დადგინდა ქიმიური შესხურების ზუსტი თარიღი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დაიგეგმა ქიმიური წამლობა. მოსახლეობისთვის აზიური ფაროსანას შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განხორციელდა აქტიური საინფორმაციო კამპანია. მავნებლის ინტენსიური გავრცელების რეგიონებში შეიქმნა საკოორდინაციო შტაბები, იმუშავა ცხელმა ხაზმა, ასევე, მუდმივად განახლებადმა ვებგვერდმა, სადაც განთავსდა მავნებლის გავრცელების ელექტრონული რუკა.
მოსახლობამ მთავრობის რეკომენდაციები გაითვალისწინა და გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლები შეაგროვა და დაწვა.
თუ რა ეტაპზეა სოფლებში მოსავალი და ემუქრება თუ არა ფერმერს, ბოსტნეული კულტურა, ასევე, ხეხილი ფაროსანასგან დაიცვას?! – ამის გასარკვევად ,,რეგიონული კვირა“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ ფერმერს ესტუმრა.
ზაფხულის მიწურულ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები თხილის მოსავალს განსაკუთრებულად ელოდებიან. სოფელ ლეღვაში, სადაც მოსახლეობის 80% თხილის მოყვანა-რეალიზაციითაა დაკავებული, ორი წელია, რაც შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ. მიზეზი ფაროსანას სიმრავლე იყო, რომელმაც გასულ წლებში სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. მავნებელმა განსაკუთრებით თხილის კულტურა გაანადგურა.
ლეღვაში მცხოვრები ვაჟა რომანაძე 15 წელია, თხილის ბაღს უვლის. ამ დროის განმავლობაში, თავის კარმიდამოში რამდენიმე თხილის ნერგიდან ბაღი 2 ჰექტარზე გააშენა. უკანასკნელი ორი წელია, თხილი არ აუღია, მწერმა 3 ტონა მოსავალი გაუნადგურა. მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეწამვლითი სამუშაოები თითოეული ფერმერის ბაღში განახორციელა, ნაყოფის უმეტესი ნაწილი უვარგისი და სარეალიზაციოდ გამოუსადეგარი იყო.
ფერმერი ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ წელს უკეთესი შედეგის მოლიდინი აქვს, ფაროსანაც გაცილებით ნაკლებია და სოფელში მცხოვრები მოსახლეობაც იმედიანადაა.
,,რასაც აქ ხედავთ, სულ ჩემი თხილის ბაღია, სამი ტონა მოსავალი მომყავს ყოველწლიურად, თუმცა გასულ წლებში ხელისუფლებასთან ერთად ფერმერებმაც ფაროსანას წინააღმდეგ ვიბრძოლეთ. ფაქტობრივად, შემოსავლის წყაროს გარეშე დავრჩით, შარშან ქობულეთის მერიამ დაგვირიგა წამალი და შევწამლეთ ბაღები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მავნებელის სიმრავლე. ახლა კი თითქმის 70%-ით შემცირებულია. ვუვლი ზედმიწევნით, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ხელისუფლებაზე არაა დამოკიდებული, ფერმერმაც უნდა შეუწყოს ხელი რათა უკეთესობისკენ შეიცვალოს ჩვენი ყოფა. ვინც მოუარა და არ დანებდა მას წელს გაუმართლებს, მთავარია, ბუნებამაც ხელი შეგვიწყოს, სხვა მხრივ კი ყველაფერი კარგადაა“, – აღნიშნა ვაჟა რომანაძემ.
ფერმერი ბაღს ყოველდღიურად უვლის. მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეწამვლითი სამუშაოები უკვე სამჯერ ჩაატარა. იმისათვის, რომ თხილს სავსე და გემრიელი გული ჰქონდეს, თითოეულ ძირს სასუქიც მოაყარა. ბოლოს კი ისიც აღნიშნა, რომ ფერმერობა ადვილი არაა და ამ შრომის შედეგად მიღებულ ნაყოფს ფასი უნდა ჰქონდეს.
ფიქრია დავლაძე