მამა ანდრია სარია: რა დროს რეფერენდუმის მოთხოვნაა, ხელახლა არ მოვაკვლევინოთ კირიონისა და ამბროსის სული

მამა ანდრია სარია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„გილოცავთ, საქართველოს ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო 1918 წლის 26 მაისის დღე, როდესაც აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

საქართველოს ეკლესია დიდი სიხარულით შეხვდა ამ ფაქტს და 28 მაისს პატრიარქმა, კირიონ II პარაკლისი გადაიხადა. ეკლესიამ აქტიურად დაიწყო ერის სულიერი გამოღვიძება. კირიონ II მიიჩნევდა, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა ხელს შეუწყობდა სულიერ განვითარებასაც. ეკლესიაში ნელ-ნელა დაიწყო გარუსებული სასულიერო პირების ,,შემობრუნების” პროცესი, უდიდესი დრო დაეთმო სასულიერო სასწავლებლების გაეროვნულებას, მაგრამ მოხდა საწმუხარო ფაქტი: წინსვლის პროცესში პატრიარქი კირიონ II მუხანათურად მოკლეს 1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში.

როდესაც საუბარია ქართველი ერის არჩევანზე, უნდა გაგვახსენდეს 1991 წლის 31 მარტი, როდესაც საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90, 3 %-მა, რომელთაგან 98,9 %-მა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ჩვენ გავხდით სამართალმემკვიდრე 1918 წლის 26 მაისს მიღებული აქტისა…

ვისურვებ, რომ საქართველოს სახელმწიფომ და ეკლესიამ ჭეშმარიტად იზეიმოს ეს დღე და არ გვქონდეს იმის შიში, რომ ვიღაცა შეეცდება ჩვენს დაბრუნებასა და ჩაძირვას წარსულში… ხელახლა არ მოვაკვლევინოთ კირიონისა და ამბროსის სული… რა დროს რეფერენდუმის მოთხოვნაა!!!“, – წერს მამა ანდრია „ფეისბუქში“.

შეგახსნებთ, გუშინ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.

“მებადება ეჭვი, რომ ხომ არ გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა. თუ ევროპის ფასეულობა არის ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა. მე სერიოზულად ვფიქრობ და, ალბათ, სინოდში დავსვამ ამ საკითხს,  ხელახალი რეფერენდუმი ხომ არ მოვიწვიოთ და ხელახლა ვკითხოთ ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა? კისერში ამოვიდა მათი ყოველდღე ეკლესიის ლანძღვა. ჩვენი სიჩუმე მათ უფრო აქეზებს, ამიტომ უნდა დავიწყო სათანადო ზომების მიღება, სათითაოდ ჩამოვუვლი ყველა მღვდელმთავარს და უნდა ვთქვათ, რომ უნდა გადავხედოთ ჩვენ ჩვენს მდგომარეობას”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები