ირაკლი ხახუბია: ფოთში ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისით ისარგებლონ
“ფოთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდი“, რომელიც ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე მოეწყო, დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულება ქალაქ ფოთისა და სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას სრულ ამბულატორიულ და სამეანო-გინეკოლოგიურ სერვისს სთავაზობს. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და პროფესიონალი კადრებით.
როგორც ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა – ირაკლი ხახუბიამ განაცხადა, 2020 წლის ბოლოსთვის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში შესაძლებელი იქნება ქირურგიული ოპერაციებისა და კვლევების ჩატარება.
“დღეს ქალაქ ფოთში თანამედროვე სტანდარტით აღჭურვილი სამშობიარო კლინიკა გაიხსნა, სადაც ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი. საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთანამშრომლობით, ჩვენ შევძელით ქალაქ ფოთის მოსახლეობის თხოვნის შესრულება. 2020 წლის ბოლოსთვის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში ასევე შესაძლებელი იქნება ქირურგიული ოპერაციებისა და კვლევების ჩატარება, გაიხსნება რეანიმაციის, ემერჯენსის, ხელოვნური თირკმლისა და ინფექციური განყოფილებები, დაიდგმება კომპიუტერული ტომოგრაფი. მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში დღეიდან ფუნქციონირებს მაღალი სტანდარტის სამშობიარო სახლი, რომელიც პროფესიონალი მედპერსონალით არის დაკომპლექტებული”, – განაცხადა ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხახუბიამ.
საავადმყოფოს საკუთარი სამედიცინო ტრანსპორტი მოემსახურება.