საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დუბროვნიკის ფორუმში მონაწილეობს
2026 წლის 26-27 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ხორვატიაში, სადაც ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის მიწვევით, დუბროვნიკის 2026 წლის ფორუმში მონაწილეობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოების, რეგიონული თანამშრომლობისა და გლობალური გამოწვევების აქტუალურ საკითხებზე, ასევე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.
ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიებში, სადაც ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან და მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან.