ირაკლი კობახიძე – ჩვენ აღვასრულეთ სამართალი მოძალადეების წინააღმდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობას, ან ძალადობდა სახელმწიფოზე, სამართლის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც ეცდება ძალადობას სახელმწიფოზე და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე
ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. პირველ რიგში იმით, რომ ხალხს ვუთხარით სიმართლე. ჩვენ ძალიან გვიჭირდა ხალხისთვის სიმართლის თქმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საზოგადოება უკვე ძალიან კარგად არჩევს სიმართლეს ტყუილისგან.
„მე მახსენდება იგივე, თუნდაც 2021, 2022 წელი, მანამდე წლები, როდესაც საკმარისი იყო ერთი ევროპარლამენტარის უსამართლო განცხადება, რომ ხალხში ამას გამოეწვია სერიოზული მღელვარება.
დღეს საზოგადოება უკვე ძალიან კარგად არჩევს სიმართლეს ტყუილისგან და ამაზე დაგვჭირდა ჩვენ სერიოზული მუშაობა. ჩვენ დაგვჭირდა სიმართლის გაზიარება ქართული საზოგადოებისთვის, მათ შორის იმ მანკიერებების შესახებ, რომელსაც ვხედავდით ევროპულ ბიუროკრატიაში, თავის დროზე ამერიკულ ადმინისტრაციაშ, რომ არა ამ სიმართლეში საზოგადოების გათვითცნობიერება, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიჭირდებოდა ჩვენი საერთო გამოწვევების დაძლევა. ჩვენ ასევე თავისი სახელი დავარქვით იმ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურებიან უცხო ძალებს. აქ საუბარია როგორც ე.წ. ოპოზიციურ პარტიებზე, ასევე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ე.წ. მედიასაშუალებებზე და ასე შემდეგ. რომ არა ეს სიმართლე, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდებოდა გამოწვევებთან გამკლავება.
ჩვენ მივიღეთ აუცილებელი კანონები – ეს არის მეორე მთავარი ზომა, რომელმაც მოგვცა ქვეყნის დამშვიდების საშუალება სიმართლის თქმასთან ერთად. ჩვენ აღვასრულეთ სამართალი მოძალადეების წინააღმდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა სახელმწიფოზე ძალადობას ან ძალადობდა სახელმწიფოზე და ჩვენ, საბოლოო ჯამში, აქაც გვქონდა რთული პერიოდები, როცა ვერ ვახერხებდით სამართლის აღსრულებას მოძალადეების წინააღმდეგ. თუმცა, გასული ერთი წლის განმავლობაში აქაც რადიკალურად შევცვალეთ ვითარება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, სამართლის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც ეცდება ძალადობას სახელმწიფოზე და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე და აქ საქართველოს მთავრობის პოზიცია მომავალშიც იქნება, სრულიად უკომპრომისო.
„იყო ერთი საკითხი, რაც შიგნიდან არღვევდა სისტემას – ეს იყო კორუფციის გამოვლინებები. და აქაც ჩვენ გასული წლის განმავლობაში ვაჩვენეთ სრული უკომპრომისობა და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ასევე უკომპრომისოდ გავაგრძელებთ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.