კახა კალაძე ერთ-ერთ სკვერში მოზარდის დაშავების ფაქტზე: ჩემი თხოვნა იქნება, რომ შეეშვათ სიცრუის გავრცელებას, იყო კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი, დანარჩენს კი გამოძიება დაადგენს
„დაახლოებით ვიცი რაც მოხდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეფასების გაკეთება ჩემი მხრიდან არასწორი იქნება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ სკვერში მომხდარ ფაქტზე, როდესაც 14 წლის მოზარდს მოსასვენებელი სკამი დაეცა, გამოძიება დაწყებულია. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა ვანდალიზმის ფაქტს.
„ვანდალიზმი სერიოზული გამოწვევაა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. დღე არ გავა, რომ ამ ტიპის ფაქტები არ მოხდეს, რაც ძალიან სამწუხაროა. ყველას ჩართულობა აუცილებელია, რომ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რამდენად ცუდია ეს. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც მოზარდები მიზანმიმართულად ინფრასტრუქტურას აზიანებენ. ეს არის მავნებლობა. ჩვენ გვაქვს უამრავი ვიდეომასალა და ამას აუცილებლად მივაწოდებთ საზოგადოებას. ყველა უნდა გავერთიანდეთ, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, რადგან ეს ეხება ამ ქალაქში მცხოვრებ ყველა ადამიანს – თუნცად მონაწილეობა უნდა მივიღოთ შემეცნებით პროცესებში. ასევე, არის ფაქტები, რომ მოზარდები ინფრასტრუქტურას აზიანებენ, იქვე არიან ზრდასრულები და არაფერს ეუბნებიან. მითითების მიცემაა, რომ ეს ცუდია ან ამის გაკეთება არ შეიძლება, ამას წინ არაფერი უდგას. ყველაფერი, რაც კეთდება, ყველასია და ყველა უნდა გავუფრთხილდეთ.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, მიზანმიმართულად არ ვსაუბრობ ამაზე, რადგან ჯერ გამოძიება მიმდინარეობს. დაახლოებით ვიცი რაც მოხდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეფასების გაკეთება ჩემი მხრიდან არასწორი იქნება. აქ საქმე არ ეხება სკამის ერთი შეხებით დაზიანებას. ჩემი თხოვნა იქნება, რომ შეეშვათ მანიპულაციებს, სიცრუის გავრცელებას. იყო კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი და სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ძალიან ბევრი ხდება. ამ შემთხვევაში ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, პასუხისმგებლობაც იმას დაეკისრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერია მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და რეკრეაციულ სივრცეებში, სკვერებსა თუ მოედნებზე დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ახლით ანაცვლებს: „ზოგადად როდესაც სკვერის ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად აზიანებენ, ან ისე ზიანდება, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და ხდება მათი შეკეთება.“
ამასთან, კახა კალაძემ პრესსამსახურის თანამშრომლებს დაავალა, რომ მსგავს სივრცეებში ვანდალიზმის ამსახველი კონკრეტული კადრები მედიის საშუალებით გაავრცელონ, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს.