“მეზარება, რაცხა, ქალაქში წასვლა, აქანე, ტყეში, ყველაფერი ხერხდება და გასპეტაკებულ ვაკეზე რას ვიზამ“ – 85 წლის ზოსიმე ბაბუ ცაგერიდან 

85 წლის ზოსიმე ფუტკარაძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ სანორჩში მეუღლესთან ერთად  ცხოვრობს. ასაკის მიუხედავად, ენერგიას არ უჩივის და შრომა არ ეზარება. ხუთი შვილი გაზარდა, რომელიც ახლა სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს და იქედან ეხმარება მშობლებს. ამბობს, რომ ქალაქში წასვლა არ უნდა მიუხედავად იმისა, რომ ხუთივე შვილი ამას სთავაზობს.

მეზარება, რაცხა, აქანე ყველაფერს ჩემ ჭკუაზე ვარ ნაჩოვი, იქინე რო დამიძახებენ –  “ნალევო”, “ნაპრავო”, რაღა ვქნა მერე“, – გვიმხელს მოხუცი.

“რეგიონული კვირის” გადამღები ჯგუფი ზოსიმე ბაბუს სოფელ სანორჩში შემთხვევით შეხვდა. მოხუცი დიდი, წითელი სათლით ხელში, სოფლის ორღობის აღმართს დინჯად მიუყვებოდა. ჩვენ დანახვაზე ხუმრობის ხასიათზეც დადგა – “რო გიპასუხოთ, ჯერ უნდა გევიგო-იქნება, მიჭირავთ და, რო გევიქცე, ვერ გაგასწრებთ, ფეხები მტკივაო“, – შემოგვცინა.

საუბარში ადვილად აგვყვა. ამავე სოფელში 1935 წელს დაბადებულა. ნანობს, რომ სკოლაში „ტყულა“ დადიოდა და არაფერს სწავლობდა – ” ჩემი ბრალია, სხვას არაფერს ვაბრალიო“.

მეუღლესთან ერთად პენსიასაც იღებს და სამეურნეო საქმიანობასაც ეწევა. არაფერი ეზარება და თავის რჩენა არ უჭირს – “თავს რავა რითი ვირჩენ? პურია, ლობიოა, სიმინდია, არ იქნება და წავალ, ვიჯიბგირებ და ისე მევიტან“, – ხუმრობს ზოსიმე ბაბუ.

მართალია, ბოლო პერიოდში სოფელი თითქმის განახევრდა, მაგრამ მარტოდ თავს მაინც არ მიიჩნევს, რადგან სოფლის დიდი იმედი აქვს. ზოსიმეს გულშემატკივარი და შემომძახებელი კვლავაც ბევრი  შემორჩა. ​პანდემიამ, ცოტა არ იყოს,  შეაშინა, მაგრამ აქაც სოფლის იმედმა გააძლებინა – “რა მექნა, სად დავმალულიყავი. აქანე, ტყეში, ყველაფერი ხერხდება და იქინე, ტრიალ, გასპეტაკებულ ვაკეზე ქე რას იზამ“, – სიამაყით ამბობს და იმედიანად გვემშვიდობება.

მთავრობასთან ერთი თხოვნა აქვს – საკმარისი მიწა-წყალი ჰქონდეს, – ისე, რო თავის რჩენა შეძლოს და რაც საჭიროა ყველაფერს გააკეთებს.

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები