ანრი ოხანაშვილი: საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი სამაგალითო და სანიმუშოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება, ამ მიმართულებით, 2012 წლიდან ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა.

მისი თქმით, ამ ანგარიშებში, ძირითადად, 2012 წლამდე ჩადენილ ადამიანის უფლებების მძიმე და უხეშ დარღვევებს ვხვდებით.

„დღეს ჩვენ ვიხილავთ მნიშვნელოვან ანგარიშს, რომელიც შეეხება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხს, 2019 წლის ანგარიშს. ჩვენ ვართ ერთგულნი სამართლებრივი პრინციპებისადმი, რომელიც აერთიანებს ევროპულ სამართლებრივ სივრცეს, ჩვენ ვართ ერთგულნი იმ უფლებების დაცვისადმი, რომელიც პრინციპულია ევროპული კონვენციისადმი და შეეხება სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ამ უფლებების და პრინციპების დაცვისადმი, ამიტომ საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი სამაგალითო და სანიმუშოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით. ჩვენ ამ ანგარიშებში, ძირითადად, 2012 წლამდე ჩადენილ ადამიანის უფლებების მძიმე და უხეშ დარღვევებს ვხვდებით, აქ საუბარია სიცოცხლის ხელყოფის უფლებაზე, წამების აკრძალვის ხელყოფაზე, სამართლიანი სასამართლოს ხელყოფაზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლამდე ჩადენილი ქმედებების დროს,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში 2010 წლიდან 2020 წლამდე საქმეების რაოდენობა თითქმის ხუთჯერ შემცირდა.

“ჩვენი ხელისუფლების პირობებში გავატარეთ და ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ადამიანის უფლებების სტანდარტის გაუმჯობესების თვალსაზრისით, გავატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმა სასამართლოს სისტემის თვალსაზრისით, პროკურატურასთან მიმართებაში საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილებებმა უზრუნველყო, რომ პროკურატურა აღარ წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილს და იგი დამოუკიდებელი ორგანოა. ჩვენ შევქმენით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია და განხორციელდა არაერთი სისტემური განახლების რეფორმა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ფარგლებში, რომლებმაც კიდევ უფრო გააუმჯობესა და მაღალი სტანდარტი დააწესა. ამის შედეგია, რომ სტრასბურგის სასამართლოში 2010 წლიდან 2020 წლამდე საქმეების რაოდენობა თითქმის ხუთჯერ შემცირდა და მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენი მოქალაქეების მიმართვიანობის ხუთჯერ შემცირებაზე, ეს მიუთითებს, ერთის მხრივ, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობაზე, და მეორეს მხრივ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გატარებულ არაერთ რეფორმაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ 2012 წლამდე ჩადენილი ქმედებების გამო, რაც გამოიხატა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში, ჩვენ ხელისუფლებას უწევს კომპენსაციის სახით მილიონობით ლარის გადახდა ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, თანხა ვერ შეცვლის ვერანაირ უფლების აღდგენას, მაშინ როდესაც საუბარია უმძიმეს დარღვევებზე და მუხლებზე, თუმცა ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები პირნათლად შევასრულოთ და 2012 წლამდე არსებული უხეში დარღვევების შედეგად ჩვენი მოქალაქეების უფლებები მინიმალური სტანდარტით, თანხობრივად მაინც აღვადგინოთ. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და სწორედ სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც პერიოდულად ევროპის საბჭო აქვეყნებს, ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების აქტიური მუშაობის შედეგად საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პროგრესი თვალსაჩინოა. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ორგანოს და უწყებას, რომელიც ჩრთულია ამ პროცესში და ერთ-ერთი წამყვანი უწყება იუსტიციის სამინისტროა და მის მინისტრს და მოადგილეებს, ყველა თანამშრომელს, რომელიც აქტიურად არის ჩართული, მადლობას ვუხდი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები