ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ძიუდოს დარბაზს სრული რეაბილიტაცია უტარდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დარბაზში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
როგორც “რეგიონულ კვირას” მერის მოვალეობის შემსრულებელმა განუცხადა, შიდა სივრცეში შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი, განათებისა და წყალგაყვანილობის სისტემა, მოეწყობა თანამედროვე ტიპის საშხაპეები და გასახდელი. გამოიცვლება სახურავი და შეკეთდება ფასადიც.
„ქუთაისს აქვს უდიდესი სპორტული ტრადიციები. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება სპორტსმენთა ახალ თაობას, რომ რაც შეიძლება კარგი შედეგები ჰქონდეთ. ძიუდოს დარბაზი წლების მანძილზე არ შეკეთებულა და ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მძიმე სავარჯიშო პირობები იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ისინი გაცილებით კომფორტულ გარემოში გააგრძელებენ წვრთნას“, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
ძიუდოს დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 70769 ლარია და ივნისის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს.