ნინო წილოსანი: ტყის კოდექსის მიღებით ქვეყანაში ტყის გამოყენების მავნებლური პრაქტიკა მთავრდება
„დღეს ჩვენ ტყის კოდექსს ვიღებთ და ეს არის სექტორის რეფორმის დასაწყისი – ამით ათწლეულების მანძილზე ტყის დაცვის, ტყის მოვლისა და მისი გამოყენების მავნებლური პრაქტიკა ქვეყანაში სრულდება და გადავდივართ ახალ, ევროპულ სტანდარტებზე”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ნინო წილოსანმა კოდექსის შემუშავებაში გაწეული მხარდაჭერისთვის გერმანიის ელჩს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჰუბერტ ქნირშის პლენარულ სხდომაზე დასწრება გერმანიის მთავრობის მხარდაჭერას სექტორის რეფორმის მიმართ კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„საერთაშორისო ექსპერტების, ჩვენი მეგობარი დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ამ თემით დაინტერესებული პირებისა და სამინისტროში გარემოსა და ბუნების დაცვაზე თავდადებული ადამიანების დახმარებით ჩვენ მივიღებთ კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს ტყის უსამართლო ჭრისა და ლიცენზიების მავნე პრაქტიკას უზრუნველყოფს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ინვენტარიზაციას, სავალდებულო მოთხოვნად აწესებს ტყის მოვლის სამოქმედო გეგმების შემუშავებას, აჩენს ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივ საფუძვლებს, ახდენს ტყის კატეგორიზაციას, ტყეების მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე, იძლევა საშუალებას როგორც მერქნული, ასევე, არამერქნული რესურსების გამოყენებისა, ტყის მართვის ორგანო ხე-ტყის დამზადებას განახორციელებს უკვე ტყის მართვის ინტერესებიდან გამომდინარე და იფუნქციონირებს სამეურნეო ეზოები, სადაც მოხდება ტყის რესურსის დამზადება, რომელსაც ექნება როგორც სოციალური, ასევე, ეკონომიკური ეფექტი”, – განმარტა ნინო წილოსანმა.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რეფორმაზე მუშაობის პროცესი ხანგრძლივი და მასშტაბური იყო და ტყის კოდექსი „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების” (GIZ) დახმარებით შემუშავდა. მისივე განმარტებით, კანონპროექტი, მისი ტექსტი, სტანდარტები და რეგულაციები ყველა სტეიკჰოლდერთან არის შეთანხმებული.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც არის ყველას ინტერესში, რომელიც იცავს ყველას ინტერესს და, რაც მთავარია, იცავს გარემოს დაცვით პრინციპებსა და ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემას”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
მისივე განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, რომელიც 3500 ჰექტარი ტყის მასივზე მეტყევის არსებობის აუცილებლობას ითვალისწინებს.
„არსებული ცვლილება მეტყევეების რაოდენობას, დაახლოებით, გააორმაგებს, რეგიონების მასშტაბით დასაქმებული პროფესიონალი ადამიანების რაოდენობას გაზრდის, მათ შორის, პროფესიული განათლების მიმღებთათვისაც იქნება დასაქმების შესაძლებლობა”, – განაცხადა დეპუტატმა.