კურორტ გომისმთას დაბის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გომისმთის დასახლება შეიქმნა და დაბის სტატუსი მიენიჭა. გომისმთას დღემდე არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა მისი, როგორც კურორტის მიზანმიმართული და ეფექტური განვითარების შესაძლებლობებს. სტატუსის არქონის გამო, შეფერხდა გომისმთის გენგეგმის დამტკიცებაც, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2018 წელს დასრულდა.

რას ნიშნავს გომისმთისთვის დაბის სტატუსის მინიჭება და როგორ მოხდება გენგეგმის მიღება  – ამ კითხვებით “რეგიონულმა კვირამ” ქალაქ ოზურგეთის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსს, თამაზ ლომჯარიას მიმართა.

გომისმთისთვის დაბის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ დასახლებული პუნქტია.  ადრე გაკეთდა მიწათსარგებლობის გეგმა, განაშენიანების რეგულირების გეგმა და ეს განაშენიანების რეგულირების გეგმა გახდება შემდგომში გომისმთის განვითარების საფუძველი. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, გენგეგმას სჭირდება დაკორექტირება, ამის შემდეგ საკრებულო დაამტკიცებს ამას და იქნება მოქმედი, კანონის ძალა ექნება და იქნება სავალდებულო”, – განაცხადა ლომჯარიამ.

უკანონო მშენებლობების დარეგულირების საკითხს რაც შეეხება, მისივე თქმით, როცა დასრულდება ეს ყველაფერი ნაკვეთების მფლობელებს მიეცემათ დამტკიცებული პროექტები.

” უკანონო მშენებლობებს რაც შეეხება – ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, მე ვფიქრობ, რომ კომისია შედგება, რომელიც განიხილავს ამ საკითხს. ამის შემდეგ მოხდება ან დარეგისტრირება, ან უარყოფა. ამაზე სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებაა საჭირო”, – განაცხადა თამაზ ლომჯარიამ.

ამ სტატუსმა რომ გაამართლოს, გომისმთაზე უკანონო მშენებლობების მოწესრიგება და გენგეგმის შესრულება მიაჩნია ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორ, გრიგოლ მახარაძეს ეფექტურ საშუალებად.

გომისმთის მთავარი პრობლემა არის უკანონო და ქაოტური მშენებლობები, რისი ბუმიც არის უკვე ბოლო რამდენიმე წელია. თავისთავად, გომისმთისთვის დაბის სტატუსის მინიჭება ბევრს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ეს იქნება ძალიან კარგი ნაბიჯი იმ შემთხვევაში, თუ ამ სტატუსის მინიჭებას მოჰყვება გომისმთის გენერალური გეგმის დამტკიცება, გომისმთის გენერალური გეგმა არსებობს და აქამდე თაროზე იყო შემოდებული. ეს იქნება ძალიან კარგი ნაბიჯი იმ შემთხვევაში, თუ ამას მოჰყვება ამ გეგმის აღსრულება, უკანონო მშენებლობების აღკვეთა და კანონიერი მშენებლობების წარმოება გენერალური გეგმის შესაბამისად”,- აღნიშნა მახარაძემ.

რამდენად მალე მოხდება გენგეგმის დამტკიცება და რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი – ამ კითხვებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი ღურჯუმელიძეს მივმართეთ.

“ჩვენ ველოდით დაბის სტატუსის მინიჭების საკითხს, ჩვენ გავლილი გვაქვს გენგეგმის პირველი ფაზა, ახლა მეორე ფაზაზე ვართ, დოკუმენტის დამტკიცების. ვადებს ზუსტად ვერ გეტყვით, ჩვენ ახლავე დავიწყებთ ამაზე მუშაობას. ჯერჯერობით პროცედურული საკითხებია მოსაწესრიგებელი, მთავრობამ რომ გამოსცა განკარგულება, ჩვენ, მუნიციპალიტეტმა ეს განკარგულება უნდა დავარეგისტრიროთ საჯარო რეესტრში, გომისმთა თავისი საზღვრებით. შემდეგ დავიწყებთ გენერალურ გეგმაზე საუბარს, ამას საჯარო მსჯელობა სჭირდება აუცილებლად, მოსახლეობასთან ერთად. ვეცდებით, რომ მოკლე ვადებში მოვახერხოთ ამ დოკუმენტის დამტკიცება. რაც შეეხება იქ არსებულ უკანონო მშენებლობებს, გენერალური გეგმა მაგას ითვალისწინებს ზუსტად, მშენებლობების მოწესრიგებას. რა, როგორ აშენდეს, ინფრასტრუქტურა როგორ მოეწყოს, წყალი, კანალიზაცია, ელექტრო მომარაგება, ბუნებრივი აირი, გზები, დასუფთავება – ამ ყველაფერს ითვალისწინებს გენერალური გეგმა და ამის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით მოხდება ქონების გაცემა”,- დასძინა მან.

გომისმთის ისტორიული უბანი მდებარეობს მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2 100-2 755 მეტრის სიმაღლეზე. გომისმთა საკურორტო ადგილია, რომელსაც გააჩნია მინერალური წყლები, ტყე და სხვა ბუნებრივი რესურსები. ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა განაპირობებს განსაკუთრებული სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებების მქონე ბუნებრივ პირობებსაც.

თათია სამსონიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები