ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თერჯოლაში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. კოვიდინფექციის პრევენციის მიზნით, სამუშაოები სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს,  მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ, მერის მოადგილე მანუჩარ რობაქიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ალისუბანსა და რუფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელეს.

მათივე ცნობით,  ალისუბანი-სკანდის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარით მოწყობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით, გამოყოფილი 315 790 ლარით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მეკა” აწარმოებს. პროექტი გარდამავალია და, ჯამურად, 1, 7 კმ გზის მოწყობაზე 531 790 ლარი დაიხარჯება.

ასევე, გარდამავალი პროექტი მიმდინარეობს რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია – “ჯეო როუდ ინვესტი” გზის 1, 5 კმ-იან მონაკვეთს მოაწყობს არმირებული ბეტონითა და სანიაღვრე არხებით, რაზეც,  ჯამურად, 639 438 ლარია გათვალისწინებული.

“ამ გზებზე, რომლითაც სარგებლობს რამდენიმე სოფლის მოსახლეობა, პირველად იგება ბეტონი და მათ რეაბილიტაციას ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვდა. მიმდინარე წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან 6 მსხვილმასშტაბიანი საგზაო პროექტი განხორციელდება. ასევე, გზების მოწყობა გათვალისწინებულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და სტიქიით სალიკვიდაციო ფონდის ფარგლებში. მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები