ნინო წილოსანი: ვინმეს თუ აქვს ილუზია, რომ ხელისუფლებას არ უნდა, ექვს თვეზე მეტი ხნით დაეხმაროს მოქალაქეებს, ეს არის პოპულიზმი
“თქვენ მიერ წარმოთქმული კითხვები, რატომ 6 თვით და უფრო მეტი არა, რატომ არაპირდაპირი დახმარება დასაქმებულზე, რატომ ეხმარებით ბიზნესს და აძლევთ შეღავათს, არის ამოგლეჯილი ფრაგმენტული კითხვები, რეალური მდგომარეობა კი სრულიად სხვაა”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, ოპოზიციის გამოსვლების საპასუხოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილებოდა.
ამ ცვლილებების მიხედვით, 1 მაისიდან 6 კალენდრული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილი იქნება შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდრული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.
ნინო წილოსანის განცხადებით, დღეს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინიციატივაზე 750-ლარიან ხელფასზე საშემოსავლო შეღავათის მინიჭებაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები ძალიან უცნაური და საკვირველი იყო, საერთო სურათის გათვალისწინების გარეშე.
„და რა არის საერთო სურათი? მთავრობის და ჩვენ მიერ განხორციელებული შეღავათები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არის საერთო სურათი და ეს არის ჯამი იმ ახლა ჩამოთვლილი ოპერაციების და ღონისძიებების, რასაც გეტყვით: კომუნალური გადასახადების შეღავათი, საბანკო გადასახადების გადავადება, ბიზნესზე მხარდაჭერა, ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობაში უპრეცედენტო პროგრამები, ერთ ფერმერზე დაახლოებით 750 ლარიდან 2 ათას ლარამდე დახმარება სხვადასხვა პროექტის მიხედვით, აღნიშნული ინიციატივა, რომელიც გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა და რომელიც გულისხმობს 750 ლარიდან საშემოსავლო შეღავათის განხორციელებას. ეს არ არის შეღავათი მხოლოდ ბიზნესზე, ეს არის შეღავათი იმისთვის, რომ ბიზნესმა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები, ნაკლები ადამიანი გაუშვას სახლში ამ რთული ეკონომიკური კრიზისის პირობებში და თითოეულ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ თუნდაც მცირე ხელფასის პირობებში, იყოს დასაქმებული და ელემენტარული საარსებო საშუალება გააჩნდეს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ვინმეს თუ აქვს ილუზია, რომ ხელისუფლებას არ უნდა ექვს თვეზე მეტი ხნით დაეხმაროს მოქალაქეებს, გაიღოს უფრო მეტი სუბსიდირება და ა. შ. ეს არის პოპულიზმი და ეს არის კერძო, ვიწრო ინტერესებით გამოხატული პოზიცია.
„ყველა კარგად ათვითცნობიერებთ, განსაკუთრებით ამ კრიზისის პერიოდში, შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლების პირობებში, გაჩერებული ბიზნესების პირობებში რამდენად შემჭიდროებული თანხების გადანაწილება გვიწევს საბიუჯეტო შემოსავლების, დონაციების, საგრანტო და სხვა დახმარებების, კოვიდ-ფონდში მობილიზებული თანხების და სწორედ ამ თანხების ყველაზე ოპტიმალური გადანაწილება შემოგთავაზეთ, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა თქვენი მხრიდან მეტ-ნაკლებად ობიექტური შეფასება, თუმცა სამწუხაროა, რომ ყოველთვის მოკლებულია თქვენი კომენტარები, კითხვები და რეპლიკები ამ ობიექტურობას”, – მიმართა ნინო წილოსანმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.